გებრეისუსი: კოვიდშეზღუდვების ნაადრევი მოხსნა არავაქცინირებული ადამიანებისთვის საფრთხეს წარმოადგენს

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური დირექტორი, ტედროს ადანომ გებრეისუსი მსოფლიოში ბოლო 6 კვირის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების სტაბილურ კლებაზე საუბრობს.

მისი თქმით, საუბარია გლობალური მასშტაბით პანდემიის ტრაექტორიის წამახალისებელ სიგნალებზე. თუმცა, მისივე შეფასებით, მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონში ვითარება არაერთგვაროვანია.

მიუხედავად იმისა, რომ, ინფიცირების მაჩვენებელთან ერთად, გლობალურად გარდაცვალების მაჩვენებელია შემცირებულია, ჯანმო-ს ექვსი რეგიონიდან სამში ლეტალური შემთხვევების მაჩვენებელი გაზრდილია.

ამ ვითარებას გებრეისუსი აფასებს, როგორც “ორი სიჩქარის პანდემიას”: ზოგიერთ ქვეყანაში ვაქცინაციის მაღალი მაჩვენებლის ფონზე იწყება შეზღუდვების შესუსტება, ზოგ ქვეყანაში კი კვლავ უკიდურესად საშიში ვითარება ნარჩუნდება.

მისი თქმით, მზარდია მსოფლიოში კორონავირუსის ახალი საშიში შტამების გავრცელება, მათ შორის, ინდური შტამის. ამიტომ, შეზღუდვების ნაჩქარევი შესუსტება შესაძლოა, დამღუპველი იყოს.

”კორონავირუსის შემაშფოთებელი ვარიანტების, მათ შორის, ინდურის გლობალური გადაცემით პირობებში, შეზღუდვების ძალიან სწრაფად მოხსნა შეიძლება, დამღუპველი იყოს მათთვის, ვინც ჯერ კიდევ არ არის ვაქცინირებული”, – თქვა მან.

გებრეისუსის თქმით, მსოფლიოში ვაქცინების ხელმისაწვდომობის თანასწორობის არარსებობა არის საფრთხე ყველა ერისთვის. მისივე თქმით, მაღალი შემოსავლის მქონე ქვეყნებში გამოყენებულია ვაქცინის 44% დოზა, ხოლო დაბალი შემოსავლის მქონე ქვეყნებში – მხოლოდ 0,4%.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები