არასაპარლამენტო ოპოზიციის ნაწილი თბილისის მერობის კანდიდატად ზაზა ხატიაშვილს ასახელებს
არასაპარლამენტო ოპოზიციის ნაწილი თბილისის მერობის კანდიდატად ადვოკატ ზაზა ხატიაშვილს ასახელებს. ამის შესახებ არასაპარლამენტო ოპოზიციის ნაწილის განცხადებაშია აღნიშნული.
„სამწუხაროდ, ბოლო პერიოდში ოპოზიციის არაკოორდინებული და გაუმჭვირვალე ქმედებების შედეგად ივანიშვილის რეჟიმმა მოიპოვა გარკვეული ტაქტიკური უპირატესობა: ერთი მხრივ, ოპოზიციამ შეწყვიტა პარლამენტის ბოიკოტი, ხოლო მეორე მხრივ, ფაქტია, რომ შარლ-მიშელის დოკუმენტი დარჩა ფარატინა ქაღალდად, რაიმე კონკრეტული ცვლილებების გარეშე.
ამ ვითარებაში ერთადერთი შანსი, რომ ქვეყანაში რაიმე უკეთესობისკენ შეიცვალოს არის – ადგილობრივ არჩევნებზე ხელისუფლების გადანაწილება – პირველ ყოვლისა, თბილისის მერის არჩევნებში „ქართული ოცნების“ კანდიდატის დამარცხება.
უკვე დაიწყო დისკუსია იმასთან დაკავშირებით, ვინ შეიძლება, ხელისუფლებას მოუგოს თბილისის მერის არჩევნები: უმრავლესობა თანხმდება იდეაზე, რომ ეს არ შეიძლება, იყოს ერთი კონკრეტული პოლიტიკური გუნდის წარმომადგენელი. ვფიქრობთ, კონკრეტული კანდიდატის შერჩევა აღარ უნდა მოხდეს ფარულად, პოლიტიკური პარტიების ვიწრო წრეში (როგორც მაგალითად გადაწყდა შარლ-მიშელის დოკუმენტზე ხელისმოწერა).
სწორედ ამიტომ, მთელს ოპოზიციურ სპექტრსა და ფართო საზოგადოებას ვთავაზობთ, თბილისის მერობის ერთიან კანდიდატად წარვადგინოთ ზაზა ხატიაშვილის კანდიდატურა. ზაზა ხატიაშვილი მაქსიმალურად მისაღებია ამომრჩევლის სხვადასხვა სეგმენტისთვის, არ არის დაკავშირებული რომელიმე პარტიულ სტრუქტურასთან, აქვს შეუბღალავი რეპუტაცია, როგორც კეთილსინდისიერ, კვალიფიციურ და მებრძოლ ადამიანს, რაც მთავარია აქვს „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ არჩევნებში გამარჯვების გამოცდილება 2013 წელს, როდესაც მის წინააღმდეგ მმართველი გუნდი და უშიშროება ლობირებდნენ მამუკა მდინარაძის კანდიდატურას საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის პრეზიდენტის არჩევნებში.
მოვუწოდებთ ფართო საზოგადოებას და ოპოზიციურ სპექტრს მოვაწყოთ თბილისის მერობის ერთიანი კანდიდატების გამჭვირვალე განხილვა. განვიხილოთ როგორც ზაზა ხატიაშვილის, ასევე, ყველა ის კანდიდატურა, რომელიც ასევე შესაძლებელია გახდეს ოპოზიციური ელექტორატის გამაერთიანებელი და საბოლოოდ შევთანხმდეთ საუკეთესო მათგანზე“, – აღნიშნულია განცხადებაში.
განცხადებას ხელს აწერს ოთხი პარტია, მათ შორის: „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა“ – გოჩა ჯოჯუა; „ქართული არჩევანი“ – ბეჟან გუნავა; „მოძრაობა სოციალური სამართლიანობისთვის“ – მამუკა ტუსკაძე; „თავისუფალი საქართველო“ – კახა კუკავა;