ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, გიორგი გახარია პრემიერმინისტრის თანამდებობიდან რთულ მომენტში გადადგა, რაც, მისი შეფასებით, ბრძოლის ველის დატოვებაა.
თურნავა “ქართული ოცნების” დამფუძნებლის ბიძინა ივანიშვილის განცხადებასაც გამოეხმაურა.
“ბიძინა ივანიშვილი დიდი ხანია, დისტანცირებულია პოლიტიკისგან, დიდი ხანია, არანაირი ფორმით არ მონაწილეობს პოლიტიკურ პროცესში და, როგორც ჩანს, ამ ბოლო დროს განვითარებულმა მოვლენებმა იძულებული გახადა, ასეთი მკვეთრი განცხადებით ეპასუხა. ამის ერთ-ერთი მიზეზი არის ის ინფორმაცია, რომ გიორგი გახარიას პარტია ბიძინა ივანიშვილის სახელს იყენებს.
თითქოს, ისე აწვდის საზოგადოებას ინფორმაციას, რომ ის არის ე.წ. ბიძინა ივანიშვილის პროექტი, რაც აბსოლუტურად არ შეესაბამება სინამდვილეს და ამიტომაც მოხდა ასეთი მკვეთრი შეფასებების მიცემა, რაც ასახულია ბიძინა ივანიშვილის განცხადებაში. მათ შორის მან გიორგი გახარიას გადადგომა შეაფასა ღალატის ტოლფას საქციელად. ვფიქრობ, ყველა კითხვაზე ამ თვალსაზრისით პასუხი გაცემულია. ჩემი პირადი მოსაზრება თუ გაინტერესებთ – ძალიან მნიშვნელოვანია ის, თუ რა მომენტში მოხდა გადადგომა. ეს მოხდა საკმაოდ დინამიკურ და რთულ მომენტში, როდესაც იყო პოლიტიკური დაძაბულობა და კრიზისი. ასეთ დროს პასუხისმგებლობა ეკისრება სახელისუფლებო გუნდს მთლიანად და მის ხელმძღვანელს – პრემიერმინისტრს: ასეთ დროს გადადგომა ბრძოლის ველის დატოვებაა“, – განაცხადა ნათია თურნავამ.