საპატრიარქო: გავასაჩივრებთ სასამართლო გადაწყვეტილებას, რომელიც ეხება ნინოწმინდის პანსიონიდან ბენეფიციართა გამოყვანის პროცესს

საქართველოს საპატრიარქო ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომელსაც “კვირა” უცვლელად გთავაზობთ.

“1. გვინდა აღვნიშნოთ, რომ ნინოწმინდის პანსიონში სახალხო დამცველის შესვლასთან დაკავშირებული პრობლემების თაობაზე ჩვენთის არავის მოუმართავს და იგი მასმედიის საშუალებით გახდა ცნობილი. ამიტომაც მოგვიანებით ჩავერთეთ. ამჟამად ვითარება შეცვლილია. იქ სოცმუშაკები იმყოფებიან და ბენეფიციარებზე სადღეღამისო დაკვირვება ხორციელდება.

ბავშვებთან მიმართებაში ეკლესია კვლავაც ითანამშრომლებს სათანადო უწყებებთან და ორგანიზაციებთან საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სტანდარტების დაცვით.

2. ამასთან ვაცხადებთ, რომ გავასაჩივრებთ სასამართლო გადაწყვეტილებას, რომელიც ეხება ნინოწმინდის პანსიონიდან ბენეფიციართა გამოყვანის პროცესს, რადგან სასამართლოზე წარმოდგენილი არ ყოფილა შესაბამისი მტკიცებულებები იქ მყოფ არასრულწლოვნებზე უღირსი მოპყრობის და ძალადობის დამადასტურებელი ფაქტების შესახებ; აგრეთვე, პანსიონის ადმინისტრაციას და პერსონალს არ მისცემია შესაძლებლობა, დაეფიქსირებინათ საკუთარი პოზიცია.

3. აუცილებელია, შესაბამისმა სამსახურებმა დროულად და ობიექტურად მოახდინონ გაჟღერებული ბრალდებების გამოძიება, რათა სამართლიანი შეფასება მიეცეს მოვლენებს.

4. ვთვლით, რომ პანსიონიდან ბენეფიციარების გაყვანის დაჩქარებული პროცესი არ შეესაბამება ბავშვების საუკეთესო ინტერესს, რადგან არ განხორციელებულა სოციალური მუშაკების მიერ იქ არსებული ამჟამინდელი ვითარების შეფასება და არც სათანადო დასკვნა დადებულა კომპეტენტური სპეციალისტების მიერ. ჩვენი პოზიციით, გადაყვანის დაუსაბუთებელი და ნაჩქარევი პროცესი მხოლოდ დააზარალებს აღსაზრდელებს და წინააღმდეგობაში მოდის მათი უფლებების სათანადო დაცვასთან.

5.მიგვაჩნია, რომ გათვალისწინებული უნდა იქნას თითოეული ბავშვის უფლება და უზრუნველყოფილი მიუმხრობელი და მათზე ორიენტირებული ინდივიდუალური გეგმის განხორციელება, რათა არ მოხდეს, ერთი მხრივ, არასრულწლოვანთა ტრამვირება და, მეორე მხრივ, მათი გამოყენება ანტიეკლესიური მიზანმიმართული კამპანიისათვის”,- ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები