ინდოეთში ვაქცინაციის პასპორტს დისკრიმინაციულს უწოდებენ

ინდოეთის ჯანმრთელობისა და ოჯახის კეთილდღეობის მინისტრი ჰარშ ვარდჰანი კოვიდპასპორტების შემოღებას ეწინააღმდეგება, რადგან თვლის, რომ ის დისკრიმინაციულია.

ამის შესახებ მან G7-ის ქვეყნების კოლეგების შეხვედრაზე განაცხადა, სადაც ინდოეთი სტუმრის სტატუსით იყო მიწვეული.

”პანდემიის ამ ეტაპზე ასევე მიზანშეწონილია განვიხილოთ ინდოეთის შეშფოთება ვაქცინაციის პასპორტის შემოღების იდეასთან დაკავშირებით. განვითარებად ქვეყნებში ვაქცინაციის დაბალი მაჩვენებლის, ასევე ვაქცინის არათანაბარი განაწილებიდან გამომდინარე, კოვიდპასპორტების დანერგვა განვითარებადი ქვეყნებისთვის იქნება დისკრიმინაციული და არამომგებიანი”,- თქვა მან.

მინისტრის თქმით, ინდოეთში ვაქცინირებულია მოსახლეობის 3% -ზე ოდნავ მეტი.

ინდოეთში, ბოლო ერთი დღის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირების 120 529 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რაც ყველაზე დაბალი მაჩვენებელია თითქმის ბოლო ორი თვის განმავლობაში. პანდემიის დაწყებიდან სულ 28 694 879 დადასტურებული შემთხვევაა.

ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს განახლებული სტატისტიკის მიხედვით, ვირუსს, ბოლო ერთ დღეში, 3 380 ადამიანი შეეწირა, პანდემიის დაწყებიდან კი ქვეყანაში 344 082 ლეტალური შემთხვევა ფიქსირდება.

ამასთანავე, გასულ 24 საათში ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა 3 650 080 ადამიანს გაუკეთდა, საერთო ჯამში ქვეყანაში ვაქცინაციის რიცხვმა 227 860 317-ს მიაღწია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები