საკანონმდებლო ცვლილებები, რომელიც საპარლამენტო მანდატზე უარის თქმის შემთხვევაში, პოლიტიკური პარტიისთვის სახელმწიფო დაფინანსების დაკარგვას ითვალისწინებს, 2022 წლის 1-ელი თებერვლიდან ამოქმედდება, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, კანონპროექტის ამოქმედება მოხდება არა გამოქვეყნებისთანავე, არამედ 2022 წლის 1-ელი თებერვლისთვის.
„მიგვაჩნია, რომ პარტიების დაფინანსების შეწყვეტის თუ შეჩერების საკითხი ამოქმედდეს 2022 წლიდან. იდეა არის პოლიტიკური კონტექსტის გათვალისწინებით. კერძოდ, როცა კონკრეტული პარტიები ახორციელებენ საპარლამენტო საქმიანობას და შეწყვიტეს საბოტაჟი, ვინც ამ რეჟიმში დარჩა, მათ ექნებათ შესაძლებლობა, კონკრეტული გადაწყვეტილება მიიღონ და ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა რასაც დემოკრატიისთვის ძირგამომთხრელ საქმიანობას უწოდებს, ეს პოზიცია შეცვალონ, ჩადგნენ დემოკრატიის პრინციპების ფარგლებში”, – განაცხადა ოხანაშვილმა.
იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა აღნიშნულ ცვლილებებს დღეს მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა.