პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ანრი ოხანაშვილის განცხადებით, „ქართული ოცნების“ მიერ დაინიცირებული კანონპროექტი „ამნისტიის შესახებ“ სრულად შეესაბამება შარლ მიშელის დოკუმენტის ჩანაწერს ამნისტიასთან დაკავშირებით.
ოხანაშვილის განმარტებით, ამნისტია უნდა შეეხოს ყველა დარღვევას და ყველა პირს და ეს პრინციპი ჩადებულია კანონპროექტში მიუხედავად იმისა, რომ ოხანაშვილის თქმით, „ქართული ოცნების“ ინტერესში არ ყოფილა „ამნისტიის კანონპროექტის“ მიღება.
„დაზუსტდა გარკვეული საკითხები, განისაზღვრა გარკვეული ჩამკეტები, ასევე, განისაზღვრა ის, რომ პირს უფლება აქვს გაასაჩივროს ამნისტიის აქტი თუ მიაჩნია, რომ მასზე გავრცელდა ისეთი ფორმით, რომელსაც არ ეთანხმება. მთელი რიგი საკითხები, რომელიც პროცედურული თვალსაზრისით საჭიროებდა დაზუსტებას, არის დაზუსტებული და ამნისტიის პროექტი სრულად შეესაბამება შარლ მიშელის დოკუმენტის იმ სულისკვეთებას, რომ ეს მტკივნეული და რთული დღე ყველა პოლიტიკურმა პარტიამ ერთად უნდა დავძლიოთ,“- განაცხადა ოხანაშვილმა.
ოხანაშვილი 20 ივნისის ღამის დაზარალებულების საკითხსაც შეეხო და განმარტა, რომ მათთან მიმართებით თუკი არის კონკრეტული ნაბიჯების გადადგმის რესურსი, პარლამენტმა ამ საკითხზე იმსჯელოს.
„მე ჩემი თავისთვის არ მიმიცია უფლება, რომ დამესახელებინა სახელები და გვარები, გაცემული შესაძლო დახმარება, კონკრეტული შეთავაზებები და მე ამას არ ვაპირებ რომ ეს გავაკეთო. თქვენც ნახეთ და დადასტურდა ეს ინფორმაცია, რომ არის შესაბამისი მხარდაჭერა განხორციელებული სახელმწიფოს მხრიდან, თუ კონკრეტული შეთავაზებები ფონდი „ქართუს“ მხრიდან. რაც შეეხება კონკრეტულ შემდგომ თანამშრომლობას ამ ხალხთან, ჩვენ, რა თქმა უნდა, მზად ვართ, რომ თუკი არის რესურსი, შესაბამისი კონკრეტული ნაბიჯების გადადგმის, ამ საკითხზე ვიმსჯელოთ. რთულია, რა თქმა უნდა, დაზარალებულებისთვის ნუგეში დაზიანებებიდან გამომდინარე, რაც მათ მიიღეს, თუმცა ჩვენ მზად ვართ, ამ ადამიანთან გვქონდეს კონტაქტი და თუკი რაიმე რესურსი არის ამაზე ვიმსჯელოთ,“- განაცხადა ოხანაშვილმა.
ცნობისთვის, დღეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „ამნისტიის შესახებ კანონი“ მეორე მოსმენით მიიღო. სხდომა ხმაურის და კამათის ფონზე მიმდინარეობდა.