სახელმწიფო ინსპექტორი მედიას მოუწოდებს, ნინოწმინდის პანსიონის ბენეფიციარების ამსახველი ვიდეოჩანაწერების გავრცელებისგან თავი შეიკავოს

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური მედიასაშუალებებს მოუწოდებს, ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონის ბენეფიციარების ამსახველი ვიდეოჩანაწერების გავრცელებისგან თავი შეიკავონ.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა დაიწყო ბავშვთა სახლის არასრულწლოვანი ბენეფიციარების ვიდეოჩანაწერების გასაჯაროების საკითხის შესწავლა.

„სოციალურ ქსელში ვრცელდება ბავშვთა სახლის ბენეფიციარების ამსახველი ვიდეოჩანაწერები, სადაც არასრულწლოვნები სრულად არიან იდენტიფიცირებადი.

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა დაიწყო ბავშვთა სახლის არასრულწლოვანი ბენეფიციარების ვიდეოჩანაწერების გასაჯაროების საკითხის შესწავლა.

ბავშვების, მით უფრო, ბავშვთა სახლის ბენეფიციარების კონფიდენციალობის დარღვევამ შესაძლოა, გამოუსწორებელი ზიანი მიაყენოს ბავშვის ფსიქიკას, მის განვითარებას, სოციალურ ურთიერთობებსა და მომავალ ცხოვრებას; გამოიწვიოს ბავშვის ღირსების შელახვა, მისი სტიგმატიზაცია, ბულინგი, დისკრიმინაცია და ნეგატიური გავლენა მის ემოციურ მდგომარეობასა და განვითარებაზე.

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური მოუწოდებს ყველას, მათ შორის, მედიასაშუალებებს, გაითვალისწინონ ბავშვის საუკეთესო ინტერესები და თავი შეიკავონ ამ ჩანაწერების შემდგომი გავრცელებისა და გასაჯაროებისგან“, – ნათქვამია განცხადებაში.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები