სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს უფროსი: ნინოწმინდის პანსიონიდან გამოყვანის მიზეზად ბავშვებმა ქალაქთან ახლოს გადმოსვლის სურვილი დაასახელეს

“ნინოწმინდის პანსიონიდან გამოყვანის მიზეზად ბავშვებმა ქალაქთან ახლოს გადმოსვლის სურვილი დაასახელეს”, – ამის შესახებ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სამსახურის უფროსმა, მერი მაღლაფერიძემ განაცხადა.

მისი თქმით, პანსიონში შესვლის პრობლემა არსებობდა და ამას დაწესებულება კორონავირუსის პანდემიით ხსნიდა.

„მას შემდეგ, რაც სოციალურ მუშაკს საშუალება მიეცა, შესულიყო დაწესებულებაში, მან გამოავლინა 6 ბავშვი, რომელთაც სახელმწიფოს ზრუნვის ფორმის გამოცვლა უნდოდათ. ეს 6 ბავშვი უკვე გამოყვანილია დაწესებულებიდან და კიდევ გრძელდება დამატებით, 10 ბავშვთან მუშაობა. ამავდროულად, მიმდინარეობს სხვა ბავშვების შეფასების პროცესიც. ბავშვებმა დაწესებულებიდან გამოყვანის ოფიციალურ მიზეზად დაასახელეს ის, რომ მათ ქალაქთან ახლოს სურდათ გადასვლა და სწორედ ამიტომ გადავიყვანეთ სხვაგან. ნამდვილად იყო პანსიონში შესვლის პრობლემა, რომელსაც პანსიონი პანდემიით ხსნიდა. ჩვენს სოციალურ მუშაკს მუდმივად ჰქონდა სატელეფონო კავშირი. ბავშვებს აქვთ ტელეფონები. ჩვენ გვაქვს რეაგირების ძალიან მკაფიოდ გაწერილი პროტოკოლი, რომელსაც ვიცავთ და რომელსაც მომავალშიც აუცილებად დავიცავთ. როდესაც ჩვენთვის ცნობილი ხდება რაიმე ტიპის ძალადობის ან ეჭვის შესახებ, ძალიან მკაფიოდაა გაწერილი ყველა იმ უწყების ვალდებულება, რომელმაც რეაგირება უნდა მოახდინოს. რა თქმა უნდა, ასეთი ტიპის განცხადებები ბავშვების მხრიდან, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ფსიქოლოგები და სოციალური მუშაკები ამ წუთებშიც მუშაობენ მათთან. უბრალოდ, არ მინდა, რომ ამ ბავშვების იდენტიფიცირება მოხდეს“, – განაცხადა მერი მაღლაფერიძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები