ბერლინმა ბელორუსელი ჟურნალისტების მხარდასაჭერად 2,9 მილიონამდე ევრო გამოყო

გერმანიის მთავრობამ პოლიტიკური მიზეზებით დევნილი ბელორუსელი ჟურნალისტების მხარდასაჭერად, დაახლოებით, 2,9 მილიონი ევრო გამოყო.

ამის შესახებ ნათქვამია გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის, მიგელ ბერგერის პასუხში, რომელიც მან ბუნდესტაგის “მწვანეთა” ფრაქციის აღმოსავლეთ ევროპის ექსპერტს, მანუელ სარაცინს გასცა.

აღინიშნება, რომ თანხები მოხმარდება დაკავებული ან ბრალდებული ჟურნალისტების იურიდიული დახმარებისთვის, ასევე, დაზიანებული აპარატურის ან პროგრამული უზრუნველყოფის ჩანაცვლებისთვის.

Redaktionsnetzwerk Deutschland-ის პუბლიკაციაში მითითებულია, რომ მიმდინარე წელს ფინანსური დახმარების გაწევა იგეგმება დამოუკიდებელი ჟურნალისტებისთვის თავად ბელორუსში.

”ბელორუსში დამოუკიდებელი ჟურნალისტების მიმართ მკაცრი რეპრესიების ტალღა არ წყდება”, – განაცხადა მანუელ სარაცინმა და ხაზი გაუსვა ბერლინის მიერ ბელორუსის დამოუკიდებელი მედიის მხარდაჭერის მნიშვნელობას როგორც ქვეყნის შიგნით, ისე – იმ ჟურნალისტების, რომლებმაც ქვეყანა დატოვეს.

მისი თქმით, ხშირ შემთხვევაში, პირდაპირი და სწრაფი დახმარება კრიტიკულად მნიშვნელოვანია.

ალექსანდრე ლუკაშენკოს რეჟიმი მკაცრ ზომებს ატარებს ჟურნალისტების წინააღმდეგ.

მაგალითად, მაისში ჩატარდა ჩხრეკა ყველაზე დიდ დამოუკიდებელ ბელორუსულ პორტალ Tut.by-ში, თავად გამოცემა დაიბლოკა, 15 ადამიანი დააკავეს, მთავარი რედაქტორი და ერთი ჟურნალისტი პატიმრობაშია.

ასევე, ჟურნალისტისა და ბლოგერის – რომან პროტასევიჩის დაკავებამ Ryanair- ის სამგზავრო თვითმფრინავის მინსკში იძულებითი დაშვების შედეგად, საერთაშორისო სკანდალი გამოიწვია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები