გერმანელი მეცნიერები: კორონავირუსს სიმსუქნის პანდემია შეცვლის
COVID-19-ის პანდემიასა და მის შედეგებს შეუძლიათ ახალი პანდემიის გამოწვევა – სიმსუქნის პანდემია.
ამის შესახებ მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტის სპეციალისტები აცხადებენ, – წერს Heilpraxisnet-ი.
მეცნიერებმა ექსპერიმენტი მიმდინარე წლის აპრილში ჩაატარეს: მათ გამოკითხეს 18-დან 70 წლამდე ასაკის 1001 ადამიანი.
დადგინდა, რომ 30-დან 44 წლამდე ასაკის ადამიანებმა (48%) და გამოკითხულებმა, რომლებსაც ადრე ჰქონდათ წონის პრობლემები (53%), პანდემიის შემდეგ მოიმატეს. ამავე დროს, რაც უფრო მაღალია რესპონდენტთა სხეულის მასის ინდექსი, მით უფრო ხშირად ისინი ამბობდნენ, რომ აგრძელებენ წონაში მატებას. საშუალოდ, წონის მომატებამ 5-7 კგ შეადგინა.
მეცნიერთა აზრით, ასეთი მდგომარეობა სერიოზულ შეშფოთებას იწვევს სიმსუქნის პანდემიის განვითარების საშიშროების მხრივ, მით უმეტეს, რომ ბოლო თვეების განმავლობაში ადამიანების უმეტესობაში კვების რეჟიმი, ასევე, ფიზიკური აქტივობა მნიშვნელოვნად არის დარღვეული.
სპეციალისტები ასევე თვლიან, რომ უახლოეს მომავალში სიტუაცია მხოლოდ გაუარესდება.