დავით ზალკალიანი: დარწმუნებული ვარ, უკრაინის პრემიერმინისტრთან შეხვედრები მნიშვნელოვან, კონკრეტულ შედეგებს გამოიღებს
“დარწმუნებული ვარ, უკრაინის პრემიერმინისტრთან შეხვედრები, ასევე, საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრები გამოიღებს მნიშვნელოვან, კონკრეტულ შედეგებს”, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა განაცხადა.
ზალკალიანის თქმით, ბოლო პერიოდში თბილისსა და კიევს შორის თანამშრომლობაში განსაკუთრებული დინამიკა აღინიშნება, რაზეც მაღალი დონის ვიზიტები მეტყველებს.
„პრემიერმინისტრის ვიზიტის დროს, რა თქმა უნდა, ძირითადი აქცენტები გაკეთდება იმ საერთო გამოწვევებზე, რომელიც გვაქვს ჩვენც და უკრაინასაც. საუბარი იქნება ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ სიტუაციაზე, ასევე, რეგიონული უსაფრთხოების თემატიკაზე. ვისაუბრებთ ორმხრივი სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებაზე, ტურიზმის განვითარებაზე.
რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია ორ ქვეყანას შორის სამთავრობოთაშორისო ეკონომიკური კომისიის მუშაობის აღდგენა, რომელიც გარკვეული პერიოდის შემდგომ იყო დაპაუზებული. დარწმუნებული ვარ, ამ ვიზიტის შედეგად სამთავრობოთაშორისო ეკონომიკური კომისიის მუშაობა კიდევ უფრო მეტი ეფექტურობით შეუდგება მომავალი საქმიანობის განხორციელებას. დარწმუნებული ვარ, პრემიერმინისტრთან შეხვედრები, ასევე, საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრები გამოიღებს მნიშვნელოვან, კონკრეტულ შედეგებს“, – განაცხადა ზალკალიანმა.
უკრაინის პრემიერმინისტრი საქართველოში ოფიციალურ ვიზიტს დღეს იწყებს.