ომბუდსმენი: ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში გამოძიება სავარაუდო ძალადობისა და გაუპატიურების ფაქტებზე მიმდინარეობს

სახალხო დამცველის აპარატის ინფორმაციით, ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში სავარაუდო ძალადობის ფაქტებზე, 2016-2021 წლებში გამოძიება სისხლის სამართლის ოთხ საქმეზეა დაწყებული.

როგორც ომბუდსმენის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, გამოძიება სავარაუდო ძალადობის სამ და სავარაუდო გაუპატიურების ერთ ფაქტზე მიმდინარეობს.

“საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი აგრძელებს ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში ბავშვთა უფლებრივი მდგომარეობის შესწავლას. მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, გვსურს, გაგაცნოთ ამ დროისთვის არსებული მდგომარეობა.

სახალხო დამცველის აპარატმა პანსიონში მომხდარი სავარაუდო დანაშაულებრივი ფაქტების შესახებ ინფორმაცია გამოითხოვა საქართველოს გენერალური პროკურატურიდან და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან. მიღებული ინფორმაციით ირკვევა, რომ ‪2016-2021‬ წლებში დაწყებულია ოთხი სისხლის სამართლის საქმის გამოძიება არასრულწლოვნების მიმართ სავარაუდო ძალადობის ფაქტზე. გამოძიება მიმდინარეობს სავარაუდო ძალადობის 3 ფაქტზე (სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლი) და სავარაუდო გაუპატიურების ერთ ფაქტზე (სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლი).‬

ამ დროისთვის, სახალხო დამცველის აპარატი არ ფლობს დეტალურ ინფორმაციას სავარაუდო დანაშაულებრივი ფაქტების, მასში მონაწილე პირებისა და გარემოებების, ასევე, გატარებული და მიმდინარე ღონისძიებების შესახებ. საკითხის დაზუსტების მიზნით, სახალხო დამცველის აპარატმა უკვე მიმართა პასუხისმგებელ უწყებებს”, – ნათქვამია ინფორმაციაში, რომელსაც სახალხო დამცველის აპარატი ავრცელებს.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები