რუსეთში აცხადებენ, რომ ნატო უკრაინას Sea Breeze სწავლების საფარქვეშ იარაღს მიაწვდის
ნატო უკრაინას სამხედრო სწავლების – Sea Breeze-ის ფარისქვეშ თანამედროვე იარაღს მიაწვდის, რომელიც შემდგომ გადაეცემა დონბასში ჯარებსა და ეროვნულ ბატალიონებს, – განაცხადა რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, გენერალ-მაიორმა იგორ კონაშენკოვმა.
მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ სწავლება საზღვაო ხასიათისაა, მისი სამხედრო მოქმედებების ნამდვილი საზღვრები ბევრად სცილდება შავი ზღვის აკვატორიის უკრაინის მონაკვეთს.
კერძოდ, გენერლის თქმით, უკრაინაში განხორციელდება სხვადასხვა ეროვნების სპეცდანიშნულების რაზმის ურთიერთქმედება, “დავალებების ერთობლივი შესრულებისას, აგრეთვე, ვერტმფრენებიდან პარაშუტითა და იერიშით დაშვება, მათ შორის, ღამითაც”.
“და კიდევ უფრო კონკრეტულად, სწორედ იქ, წვრთნების საფარქვეშ იგეგმება უკრაინის ჯარებისთვის თანამედროვე იარაღის, საბრძოლო მასალისა და მატერიალური ქონების მიწოდება. მომავალში, ისევე როგორც წინა წლებში, ეს ყველაფერი მიმართული იქნება უკრაინის ჯარისა და ნაციონალისტური ფორმირებებისკენ, რომლებიც განლაგებულია კიევის მიერ არაკონტროლირებად დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონებში,” – დასძინა გენერალმა.
მისი თქმით, ამ თვალსაზრისით, რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ყურადღებით დააკვირდება წვრთნების მომზადებასა და ჩატარებას და, საჭიროების შემთხვევაში, ადეკვატურ რეაგირებას მოახდენს რუსეთის სამხედრო უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.