ჯანმო-ს განსაკუთრებულ შეშფოთებას კოვიდ-19-ის ოთხი შტამი იწვევს
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განსაკუთრებით შეშფოთებას იწვევს კორონავირუსის ოთხი შტამი, რომელიც ყველაზე სწრაფად ვრცელდება.
ამის შესახებ ჯანმო-ს გადაუდებელი დაავადებების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, მარია ვან კერხოვემ განაცხადა.
მან ხაზი განსაკუთრებით გაუსვა კორონავირუსის იმ მუტაციას, რომელიც ვიეტნამში აღმოაჩინეს.
მისივე თქმით, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის სპეციალისტებისთვის ეს სახეობა უკვე კარგად არის ცნობილი.
”ჩვენ ვიცით, რომ ეს ვარიანტი უფრო ადვილად ვრცელდება ხალხში”, – განაცხადა მან, თუმცა, ვირუსის სხვა სახეობებზე არაფერი უთქვამს.
ვან კერხოვეს თქმით, ვირუსი მუდმივად იცვლება, რისთვისაც ჯანმო მზად იყო. ექსპერტის ვარაუდით, COVID-19-ის ევოლუცია გაგრძელდება მომავალში.
”ჯამურად, არსებობს ოთხი ვარიანტი, რომელიც ჩვენში განსაკუთრებით შეშფოთებას იწვევს. თუმცა, ამ ვარიანტების საწინააღმდეგოდ, ინფექციის გავრცელების თავიდან აცილების ზომები კარგად მუშაობს”, – თქვა ვან კერხოვემ და მოუწოდა ყველა ქვეყანას სიფხიზლის შენარჩუნებისკენ და მადლობა გადაუხადა მათ “ეპიდემიოლოგიური მეთვალყურეობისთვის ”.
მაისის ბოლოს ვიეტნამის ხელისუფლებამ გამოაცხადა ქვეყანაში COVID-19 შტამის აღმოჩენა, რომელშიც გაერთიანებული იყო ორი უკვე ცნობილი საშიში ინფექციური ვარიანტი – ბრიტანული და ინდური.
ვიეტნამის ჯანდაცვის მინისტრმა, ნგუენ თან ლონგმა თქვა, რომ რამდენიმე პაციენტზე ტესტების გენეტიკური თანმიმდევრობით გამოვლენილია კორონავირუსის ერთდროულად ორი გავრცელებული ვარიანტი. მისივე თქმით, ინფექციის ახალი შტამი გაცილებით ინფექციურია და ადვილად გადადის ჰაერით.