ინდოეთში, პანდემიის გამო, პატიმრებმა ციხის დატოვებაზე უარი თქვეს
ინდოეთის უტარ-პრადეშის შტატში, 9 საპატიმროში 20-ზე მეტმა პატიმარმა პირობით ვადამდე გათავისუფლებით არ ისარგებლა და ციხეში დარჩა.
India Today-ის ინფორმაციით, მათი აზრით, პანდემიის დროს ციხეში დარჩენა უფრო უსაფრთხოა, სადაც უზრუნველყოფილნი არიან საკვებით, საჭირო მედიკამენტებითა და სამედიცინო გამოკვლევები რეგულარულად უტარდებათ.
პირობით ვადამდე გათავისუფლებაზე მოთხოვნა 21-მა პატიმარმა წარადგინა, თუმცა, ოფიციალური დასტურის მიღების შემდეგ, ამ შესაძლებლობაზე მათ უარი თქვეს. მსჯავრდებულები დარწმუნებულები არიან, რომ ციხეში ყოფნა უფრო “უსაფრთხო და ჯანმრთელობისთვის სასარგებლოა”, ვიდრე თავისუფლებაზე.
ინდოეთის საპატიმრო სისტემის ხელმძღვანელმა, ანანდ კუმარმა ხაზი გაუსვა, რომ პატიმრებმა საკუთარი სურვილი წერილობით გამოხატეს, მოთხოვნების შესაბამისად, ამიტომ, მათი პოზიცია “უნდა იქნას მიღებული და გაგებული”.
მაისის დასაწყისში ინდოეთის უზენაესმა სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება ციხეების განტვირთვის შესახებ კორონავირუსის ”უპრეცედენტო აფეთქების” გამო.
სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ პირობით ვადაზე ადრე, ასევე, გირაოს სანაცვლოდ 11,5 ათასი პატიმარი გაათავისუფლეს.