გივი მიქანაძე: ოპოზიციამ სამწუხაროდ არ გამოიყენა ის ძლიერი მექანიზმები, რომელიც პარლამენტის რეგლამენტით მინიჭებული აქვს
ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გივი მიქანაძემ საპარლამენტო არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით ოპოზიციის ბრალდებებსა და დროებით შექმნილ საგამოძიებო კომისიაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ოპოზიციას მტკიცებულებები არ გააჩნია.
“ოპოზიციამ, სამწუხაროდ, არ გამოიყენა ის საკმაოდ ძლიერი მექანიზმები, რომელიც პარლამენტის რეგლამენტით მას მინიჭებული აქვს, მაგრამ არ გამოიყენა რატომ? ერთადერთი კითხვა ისმის, რატომ არ გამოიყენა? იმიტომ, რომ ოპოზიციას არანაირი მტკიცებულება არსებითი, მამხილებელი არ ჰქონია და ამისი დამამტკიცებელი არის ისიც, რომ 7 თვე გავიდა და დღემდე არათუ საგამოძიებო კომისიას, საზოგადოების წინაშე არ წარუდგენიათ მათ ეს მამხილებელი ფაქტები.
პირველ რიგში, მე ამ კითხვას ოპოზიციას დავუსვამდი და დავუსვამდი კითხვას, რომ საერთოდ რატომ არ დააყენეს საკითხი საგამოძიებო კომისიის შექმნასთან დაკავშირებით, თუკი მათ ასეთი მტკიცებულებები და კონკრეტული ფაქტები ჰქონდათ, რატომ არის, რომ დღემდე მათ არაფერი არ წარმოუდგენიათ და რატომ არის, რომ არ მონაწილეობენ ისინი იმ პროცესებში, რომელმაც ყველა კითხვას პასუხი უნდა გასცეს”, – განაცხადა გივი მიქანაძემ “რუსთავი ორის” ეთერში საუბრისას.