დანია აშშ-ს გერმანელი ლიდერების, მათ შორის, მერკელის მოსმენაში ეხმარებოდა

აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების სააგენტო, დანიის სპეცსამსახურების დახმარებით, 2012-2014 წლებში გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელს, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრ ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერსა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერობის კანდიდატს სოციალ-დემოკრატიული პარტიიდან – პეერ შტაინბრუკს უსმენდა.

ამის შესახებ Suddeutsche Zeitung-ი წერს.

გამოცემის ინფორმაციით, დანიის სპეცსამსახურებმა კოპენჰაგენის მახლობლად მდებარე სპეციალურ სადგურზე ამერიკელების წვდომა უზრუნველყვეს, საიდანაც მოსმენა მიმდინარეობდა. აღნიშნული სადგურიდან ინტერნეტის პროვაიდერების წყალქვეშა კაბელებზე წვდომა იყო შესაძლებელი. მოსმენას ასევე ექვემდებარებოდა დანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო, ფინანსთა სამინისტრო, ასევე, სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის სექტორის ერთ-ერთი ფირმა.

აღინიშნება, რომ დანიის მთავრობა ინფორმირებული იყო ამერიკელებთან თანამშრომლობის შესახებ, სულ მცირე, 2015 წელს. მთავრობას გადაეცა სპეციალური საიდუმლო ანგარიში აშშ-ის სააგენტოს ყოფილი ოფიცრის, ედვარდ სნოუდენის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით. მასში მითითებული იყო, რომ დანიის დაზვერვის სამსახურები ეხმარებოდნენ შეერთებულ შტატებს შვედეთის, ნორვეგიის, ნიდერლანდების, საფრანგეთისა და გერმანიის წამყვან პოლიტიკოსებზე ჯაშუშობაში. ეს ინფორმაცია გახდა დანიის დაზვერვის სამსახურის – Forsvarets Efterretningstjeneste (FE) ხელმძღვანლის თანამდებობიდან გადადგომის მიზეზი.

როგორც გერმანიის მთავრობაში განაცხადეს, მათთვის უცნობი იყო დანიიდან შესაძლო მოსმენების შესახებ.

გერმანიის მინისტრთა კაბინეტის წარმომადგენელმა, Süddeutsche Zeitung- ს განუცხადა, რომ მერკელმა აღნიშნულის შესახებ გაზეთის მასალებისგან შეიტყო. მთავრობაში უარი თქვეს დამატებითი კომენტარის გაკეთებაზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები