USAID-მა რეგიონებში არსებულ ოთხ პროფესიულ კოლეჯს ინვენტარი გადასცა
USAID-საქართველოს მისიის დირექტორმა, პიტერ ვიბლერმა, Zrda-ს ხელმძღვანელთან – ქეთევან ჭუმბურიძესთან, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველ მოადგილესთან, ეკატერინე დგებუაძესთან, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილესთან, თამარ ქიტიაშვილთან და განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელთან, თამარ მახარაშვილთან ერთად, ოთხ რეგიონულ, ახალციხის, გორის, კაჭრეთის და ზუგდიდის, პროფესიულ კოლეჯებს, „რეგიონული ტურ-გიდების პროგრამის“ განხორციელებისათვის შესაბამისი ინვენტარი გადასცა.
გარდა ამისა, მოწვეული სტუმრები დაესწრნენ Zrda-ს, მარნეულისა და კასპის კოლეჯებს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმის ხელმოწერას, რომელიც ასევე ზემოხსენებული ოთხი კოლეჯის მსგავსად „რეგიონული ტურ-გიდების პროგრამის“ შემუშავებას, შესაბამისი ინვენტარის გადაცემას და აქტივობის სრულყოფილად განხორციელებაში დახმარების გაწევას გულისხმობს, რაც სამომავლოდ ქვეყანაში ტურიზმის მდგრად განვითარებას და სექტორში დასაქმებას შეუწყობს ხელს.
2019 წლის ივნისში, Zrda-მ ურთიერთშეთანხმების მემორანდუმი გააფორმა საქართველოს 4 რეგიონში მდებარე პროფესიულ კოლეჯებთან, როგორებიცაა: კაჭრეთის კოლეჯი „აისი“; გორის კოლეჯი „განთიადი“; ახალციხის კოლეჯი „ოპიზარი“; შოთა მესხიას სახელობის ზუგდიდის სასწავლო უნივერსიტეტი. მემორანდუმის ფარგლებში, პროექტი პარტნიორ რეგიონულ კოლეჯებს საჭირო აღჭურვილობითა და ინვენტარით უზრუნველყოფს, რაც ხელს შეუწყობს Zrda-ს ფინანსური მხარდაჭერით, 2019 წლის განხორციელებული რეგიონული ტურ-გიდის მომზადება/გადამზადების საპილოტე პროგრამების ავტორიზაციის პროცესს.
საერთო ჯამში, Zrda-მ 70, 000 აშშ დოლარის ოდენობის დაფინანსება გამოყო, რათა პარტნიორ რეგიონულ კოლეჯებს დახმარებოდა, პროექტის პარტნიორი კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრის (CTC) მეშვეობით, შეემუშავებინათ და დაენერგათ სასერტიფიკატო ტრენინგ-კურსი ტურისტული გიდების მოსამზადებლად, შეექმნათ სასწავლო მასალები, უზრუნველეყოთ კოლეჯში მომუშავე მასწავლებელ-ტრენერთა გადამზადება საერთაშორისო ექსპერტის ჩართულობით, მოემზადებინათ ბიზნეს-გეგმა თითოეული კოლეჯისათვის და დაეორგანიზებინათ ტრენინგები და ვორქშოპები.
ტრენინგ-პროგრამების განხორციელების უზრუნველსაყოფად, თითოეული კოლეჯის მიერ, Zrda-მ განაგრძო მხარდაჭერა და დამატებით 20, 000 აშშ. დოლარის ოდენობის დაფინანსება გამოყო, რათა რეგიონული კოლეჯებისათვის საჭირო ინვენტარი შეეძინა და გადაეცა (კარვები, საძილე ტომრები, ლაშქრობისათვის საჭირო ჯოხები, ზურგჩანთები, ბინოკლები, საკემპინგე ჭურჭელი, თერმოსები, საწვიმრები, თერმო-ჩანთები, GPS ნავიგაციის მოწყობილობები, საკემპინკე ღუმელები, გასაშლელი მაგიდები სკამებით და ა.შ) ასევე გადასცა აუდიტორიის მოსაწყობად საჭირო ინვენტარიც (კომპიუტერები, მაგიდები, პროექტორი და ეკრანები, ციფრული კამერები, წიგნები, რუკები და ატლასები).
აღნიშნული ოთხი პროფესიული სასწავლებლის გარდა, Zrda დამატებით, პროექტის სამიზნე რეგიონში მდებარე მარნეულისა და კასპის პროფესიულ სასწავლებლებს ანალოგიურ დახმარებას გაუწევს. სწორედ ამიტომ, პროექტი მარნეულისა და კასპის კოლეჯებთან ურთიერთშეთანხმების მემორანდუმს გააფორმებს და დამატებით 15, 000 აშშ დოლარის ფინანსურ რესურსს გამოყოფს, რათა ისინი ზემოხსენებული 4 პროფესიული სასწავლების მსგავსად აღჭურვოს და რეგიონული ტურ-გიდის მომზადება/გადამზადების საპილოტე პროგრამების ავტორიზაციის პროცესში დაეხმაროს. ასევე, Zrda გეგმავს მარნეულის პროფესიულ კოლეჯს მოუწყოს (200 კვ.მ) სადემონსტრაციო სათბური, თავად კოლეჯის ტერიტორიაზე, რომელიც სოფლის მეურნეობის პროგრამის სტუდენტებისთვის იქნება განკუთვნილი და მათ პრაქტიკული გამოცდილების მიღების საშუალებას მისცემს.
რეგიონებში ტურიზმის განვითარების მხარდასაჭერად, Zrda ხელს უწყობს ახალი ტურისტული პროდუქტის შემუშავებას, ახალი ტურისტული ობიექტების და ღირშესანიშნაობების პოპულარიზაციასა და ტურიზმის სექტორში ჩართული მხარეების ხარისხის საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის გაუმჯობესებას კომპლექსური მიდგომის გამოყენებით.
1992 წლიდან, აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID) და ამერიკელი ხალხი, მხარს უჭერს საქართველოს თავისუფალი და განვითარებული დემოკრატიის მშენებლობაში. USAID-ის 30-ზე მეტი მიმდინარე პროგრამა მოიცავს შემდეგ მიმართულებებს: ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობა, დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარება, ენერგოუსაფრთხოების გაძლიერება, ჯანდაცვისა და განათლების სისტემების გაუმჯობესება, მზარდი სოციალური ინტეგრაცია.
USAID-ის დაფინანსებული პროექტი „ზრდა“ საქართველოში არის ხუთწლიანი პროგრამა, რომელიც მიზნად ისახავს ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობას საქართველოს ხუთი რეგიონის 81 თემში. პროექტი განახორციელებს შემდეგ ინიციატივებს ტურიზმის, სოფლის მეურნეობისა და მომსახურების სფეროში: მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოების განვითარება; შემოსავლების ზრდის ხელშეწყობა; მეწარმეებსა და მყიდველებს შორის საბაზრო ურთიერთობების ჩამოყალიბება და განვითარება; ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობა ბიზნეს კავშირების დამყარებისა და გაძლიერების მეშვეობით. პროექტი მოიცავს ადმინისტრაციული გამყოფი ხაზის მიმდებარე ტერიტორიებსა და ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ თემებს