ქალაქ დედოფლისწყაროსა და დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის 15 სოფელში წყალმომარაგების ახალი სისტემები მოეწყობა
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, წყალმომარაგების კომპანია ქალაქ დედოფლისწყაროსა და მიმდებარე სოფლებში წყალმომარაგების სისტემების მშენებლობას წელს, ზაფხულში დაიწყებს.
ამჟამად, დედოფლისწყაროში არსებულ სიტუაციას, ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე ილია ბეგიაშვილი, წყალმომარაგების კომპანიის დირექტორთან, ალექსანდრე თევდორაძესთან და დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერთან, ნიკოლოზ ჯანიაშვილთან ერთად, ადგილზე გაეცნო. „დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში, ივლისის თვიდან წყალმომარაგების სისტემის ყველა პროექტი შევა მშენებლობის აქტიურ ფაზაში.
ჯამურად, ამ პროექტებს 58 მილიონი ლარი მოხმარდება,რაც მოიცავს ქალაქისა და 15 სოფლის წყალმომარაგების სრულ რეაბილიტაციას, ისეთი სოფლების როგორიცაა: ხორნაბუჯი, სამრეკლო, ფიროსმანი, სამთაწყარო, თავწყარო, ჭოეთი, საბათლო, ზემო ქედი, ქვემო ქედი, არხილოსკალო, გამარჯვება, ოზაანი, აბოშიკი, ზემო მაჩხაანი და მირზაანი – ყველა ეს სოფელი მიიღებს 24 საათიან წყალმომარაგებას. დედოფლისწყაროს გეოგრაფიული მდებარეობიდან გამომდინარე, საკუთარი რესურსები არ გააჩნია. გამომდინარე აქედან, პირველად დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ისტორიაში გაკეთდება დალის წყალსაცავიდან 38 კილომეტრზე მაგისტრალური მილით დედოფლისწყაროში წყლის აყვანა და ასევე, მთელ ამ მანძილზე ახალი ელექტომაგისტრალის გაყვანაც. პროექტის დასრულების შემდეგ, დედოფლისწყარო, რომელიც სამწუხაროდ ამ ეტაპზე გრაფიკით იღებს წყალს, გადავა სტაბილურ, ხარისხიან წყალმომარაგებაზე.“ – აღნიშნა ილია ბეგიაშვილმა.
წყალმომარაგების კომპანიის დირექტორის, ალექსანდრე თევდორაძის თქმით, დედოფლისწყაროში, დებიტის სიმცირიდან გამომდინარე სეზონურად არის წყლის მიწოდების პრობლემა. ამჟამად, კომპანია წყალმზიდების საშუალებით მოსახლეობას აწვდის წყალს, თუმცა არსებული პრობლემის საბოლოოდ გადასაჭრელად, წყალმომარაგების კომპანია ივლისის თვეში დაიწყებს სამშენებლო სამუშაოებს. გარდა ამისა, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის 15 სოფელში დაგეგმილია წყალმომარაგების სისტემების მშენებლობა. ამ დროისთვის, ქალაქ დედოფლისწყაროსა და მიმდებარე სოფლებში არ არსებობს წყალმომარაგების ცენტრალიზებული სისტემა.
გარდა ამისა, სეზონურად დებიტის სიმცირიდან გამომდინარე მოსახლეობას წყალი შეზღუდული გრაფიკით მიეწოდება.