მამუკა მდინარაძე: შალვა ბედოიძე არის მაღალი პროფესიონალიზმის ადამიანი, თავის საქმესა და სამშობლოზე შეყვარებული, ოპოზიციის ბრალდებებს პასუხს არც კი გავცემ
“შალვა ბედოიძე არის მაღალი პროფესიონალიზმის ადამიანი, თავის საქმესა და სამშობლოზე შეყვარებული, ოპოზიციის ბრალდებებს პასუხს არც კი გავცემ”, – ასე უპასუხა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტების კითხვას, აქვს თუ არა მას კითხვები შს მინისტრის ახლადდანიშნულ მოადგილესთან, შალვა ბედოიძესთან ხორავას ქუჩის საქმის კონტექსტში.
მისივე თქმით, რამდენიმე კვირის წინ შალვა ბედოიძემ, როგორც ძალიან კარგმა პოლიციელმა და პროფესიონალმა გამოიჩინა პროფესიული გმირობა და მისი ხელმძღვანელობით სპეცოპერაცია ჩატარდა.
„ძალიან სამწუხაროა, რომ ამ ადამიანის დასახასიათებლად რამდენიმე წლის წინანდელ ამბავსა და შემთხვევას იხსენებთ, როდესაც საკამათო ბევრი რამ იყო, მაგრამ, მაგალითად, არ იხსენებთ იმ შემთხვევას, როდესაც რამდენიმე კვირის წინ შალვა ბედოიძემ, როგორც ძალიან კარგმა პოლიციელმა და პროფესიონალმა, გამოიჩინა პროფესიული გმირობა და როგორ ჩატარდა მისი ხელმძღვანელობით სპეცოპერაცია, როდესაც კონკრეტული პირების მძევლად აყვანას ჰქონდა ადგილი, თუ არ ვცდები ისნის რაიონში. მარტო შევიდა თავდამსხმელთან და თავდამსხმელის დაკავება მოხდა.
შალვა ბედოიძეს პირადად ვიცნობ და შემიძლია, დაგიხასიათოდ, როგორც ერთ-ერთი მაღალი პროფესიონალიზმის ადამიანი, თავის საქმესა და სამშობლოზე შეყვარებული. შეგიძლიათ ეს აბსოლუტურ გულწრფელობაში ჩამითვალოთ. ოპოზიციის ბრალდებებს პასუხს არც კი გავცემ. არასერიოზულია“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.