სრულად ბლოკირებული იქნება ხეობა კომპანიისთვის, მოსახლეობას არ შეეზღუდება გადაადგილება – ვარლამ გოლეთიანი
სხვა არაფერი დაგვრჩენია თუ არა ის, რომ ფიზიკურად დავდგეთ აქ – რიონის ხეობა მხოლოდ კომპანია „ენკასთვის“ სრულად ბრლოკირებული იქნება, – ამის შესახებ „ნამახვანჰესის“ პროტესტის ერთ-ერთმა მონაწილემ ვარლამ გოლეთიანმა სოფელ გუმათში განაცხადა.
მისი თქმით, პროტესტის მონაწილეები არსად შეჭრას არ აპირებენ.
„გადაიკეტა ამ ადგილზე ხეობა. ჩვენ გზაში გავნაწილდით, ხალხის ნაწილი ხეობაში ზემოდან შემოსასვლელს გადაკეტავს, უშუალოდ სოფელ ტვიშში და ერთი ნაწილი აქ (გუმათის შესასვლელში) ჩავკეტავთ. ანუ სრულად ბლოკირებული იქნება ხეობა მხოლოდ კომპანიისთვის, მოსახლეობას არ შეეზღუდება გადაადგილება.
ვიდრე ყველა ის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება, რაც ჩვენ დედაქალაქში დავაყენეთ, მანამდე იქნება აქ გზა გადაკეტილი და ვუზრუნველყოფთ შეკრებილი საზოგადოება პროცესს, რომ გზა არ გაიხსნას. აქ ჩაყენებული იქნება მანქანები და ყოველდღიურად იმ რაოდენობით ადამიანი, რა რაოდენობაც საჭიროა იმისთვის, რომ გზა გადავკეტოთ.
გადაადგილება შეეზღუდება კომპანიის სატრანსპორტო საშუალებებს, ანუ, ჩვენ მხოლოდ კომპანიას ვუკეტავთ გზას. აქ რომ გადაგვეკეტა მხოლოდ და ხეობის ზედა ნაწილი არ გადაგვეკეტა, ანუ რაჭიდან შემოსასვლელი, ლეჩხუმში, შესაძლებელია იქიდან დაიწყონ სიარული. ამიტომ ორივე ნაწილი ჩავკეტეთ ზემოთაც და აქაც. არ ექნებათ გავლის საშუალება იქამდე, ვიდრე ჩვენი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება.
რაც მთავარია, ჩვენ არავისზე იერიში არ მიგვაქვს, მშვიდობიანად ვმოქმედებთ. ყველა შესაძლო მცდელობა იმისა, რომ შეგვეჩერებინა ეს პროცესი მშვიდობიანად და უბრალოდ ხელისუფლებას გაეთვალისწინებინა ის, რომ დანაშაული აქვთ ჩადენილი და უკანონო ქმედებები უკან წაეღოთ – ვხედავთ, რომ ბოლომდე ცდილობენ იმას, რომ გაიტანონ თავისი, ჩვენ სხვა არაფერი დაგვრჩენია თუ არა ის, რომ ფიზიკურად დავდგეთ აქ და არ მივცეთ იმის შესაძლებლობა, რომ კომპანიამ მუშაობა გააგრძელოს . ვკეტავთ აქ გზას მხოლოდ კომპანიისთვის, ყველა შემთხვევაში აქ გავლა მოუწევთ, ამიტომ ჩვენ არ ვაპირებთ, რომ სადმე შევიჭრათ. თუკი დაგვიპირისპირდებიან და აქ გადმოვლენ, ეს ჩვენთვის უცხო არ არის“, – განაცხადა გოლეთიანმა.