მამუკა მდინარაძე: არც კანონით გვაქვს უფლება და არც სურვილი, რომ სასამართლოს დამოუკიდებლობაში ჩავერიოთ
“არც კანონით გვაქვს უფლება და არც სურვილი გვაქვს, რომ სასამართლოს დამოუკიდებლობაში ჩავერიოთ”, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრების არჩევის პროცესთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი თქმით, მმართველ გუნდს სურს, რომ მიშელის შეთანხმებით აღებული ვალდებულებები შესრულდეს.
„რაც კანონმდებლობით არის შესაძლებელი, ამას ყოველთვის აკეთებს პარლამენტი. ეს არის რაციონალური. ბუნებრივია, ჩვენი პარტნიორების მოწოდებებსა და რეკომენდაციებს ვითვალისწინებთ უმეტესწილად, მაგრამ ის, რაც არის სასამართლოს გადასაწყვეტი, იმაში ვერ და არ ჩავერევით. არც კანონით გვაქვს უფლება და არც სურვილი გვაქვს იმის, რომ სასამართლოს დამოუკიდებლობაში რაიმე ჩარევა მოვახდინოთ. ის, რაც ჩვენი გადასაწყვეტია, ამასთან დაკავშირებით ნებისმიერ რეკომენდაციას ვიღებთ და გამოვდივართ შარლ მიშელის შეთანხმებიდან. ჩვენ გვინდა, რომ ზედმიწევნით შესრულდეს ჩვენ მიერ აღებული ვალდებულებები, ხოლო რაც არის სასამართლოს გადასაწყვეტი, იმაში ვერ ჩავერევით. ეს არის 2012 წლამდე პრაქტიკა“, – განაცხადა მდინარაძემ.