სალომე ზურაბიშვილი: სიმბოლურია, რომ 100 წლის შემდეგ სწორედ დამოუკიდებლობის დღეს ბრუნდება საქართველოში დამოუკიდებელი ჯარის მთავარსარდალი
“2021 წლის 26 მაისს ვზეიმობთ 30 წლის წინ აღდგენილ საქართველოს დამოუკიდებლობას, 70-წლიანი საბჭოთა ტოტალიტარული რეჟიმის დასრულებას”, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისივე თქმით, სიმბოლურია, რომ 100 წლის შემდეგ სწორედ დამოუკიდებლობის დღეს ბრუნდება საქართველოში დამოუკიდებელი ჯარის მთავარსარდალი.
„2021 წლის 26 მაისს ვზეიმობთ 30 წლის წინ აღდგენილ საქართველოს დამოუკიდებლობას, 70-წლიანი საბჭოთა ტოტალიტარული რეჟიმის დასრულებას. სიმბოლურია, რომ 100 წლის შემდეგ სწორედ დამოუკიდებლობის დღეს ბრუნდება საქართველოში დამოუკიდებელი ჯარის მთავარსარდალი, რომელიც რუსული მე-11 არმიის თავდასხმისა და ოკუპაციის შედეგად იძულებული გახდა, საქართველო დაეტოვებინა. ბრუნდება სრული სამხედრო პატივითა და ღირსებით, დამოუკიდებელ და თავისუფალ სახელმწიფოში.
26 მაისი საზეიმო დღეა, რამეთუ 100 წლის შემდეგ ქართული ჯარის დამფუძნებელი, კადეტთა სკოლის დამაარსებელი და დამოუკიდებელი საქართველოს მთავარსარდალი პანთეონში, ქვეყნის გამოჩენილი და დამსახურებული შვილების გვერდით კუთვნილ ადგილს იკავებს. სახელმწიფო პატივს მიაგებს გენერალ გიორგი კვინიტაძის ცხოვრებისეულ უკომპრომისო ბრძოლას და სამხედრო თავდადებას. ეს დღე ასევე ეძღვნება დამოუკიდებლობისთვის ქართული ჯარის დაუღალავ და საუკუნოვან ბრძოლას, ყველა ჩვენს ეროვნულ გმირს, მათ შორის მათაც, ვისაც საფლავი არ ეღირსა, მაგრამ ჩვენს მეხსიერებაში სამუდამო ადგილი დაიმკვიდრა. მინდა, ეს დღე მოგილოცოთ თქვენ, საქართველოს ჯარისკაცებო, ვინც დღეს ფიცს დებთ, რომ ერთგულად ემსახუროთ სამშობლოს. მინდა, გისურვოთ, რომ მუდამ წინ გიძღოდეთ გენერალ კვინიტაძის მაგალითი. უნდა გვახსოვდეს მისი სიტყვები და რა თვისებებს ითხოვდა ის ქვეყნის სამსახურში მყოფი ჯარისკაცებისგან. სწორედ ასეთი თვისებები გამოავლინეს ჩვენმა ჯარისკაცებმა დამოუკიდებლობის მძიმე 30 წლის განმავლობაში. ყველა ბრძოლაში, ომსა თუ სამშვიდობო მისიაში ჩვენმა ჯარისკაცებმა თავი გამოიჩინეს და ყველგან ასახელეს ქვეყანა. საერთაშორისო მისია ავღანეთში მალე დასრულდება და მინდა, სახელმწიფოს სახელით ყველა იქ მებრძოლს ღირსეული მსახურებისთვის მადლობა გამოვუცხადო და პატივი მივაგო ჩვენს ვაჟკაცებს“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.