მამუკა მდინარაძე: როცა პარლამენტის თავმჯდომარე შეხვედრას გთავაზობს და შენ ეუბნები, იცი რა, უკანა ეზოში გამოდი და იქ პირდაპირ ეთერში ჩავერთოთ, ანუ არ გინდა, რომ ასეთი შეხვედრა შედგეს

“როცა პარლამენტის თავმჯდომარე შეხვედრას გთავაზობს და შენ ეუბნები, იცი რა, უკანა ეზოში გამოდი და იქ პირდაპირ ეთერში ჩავერთოთ, ანუ არ გინდა, რომ ასეთი შეხვედრა შედგეს”, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ,,ნამოხვანჰესის” პროექტის მოწინააღმდეგეები, ნებსით თუ უნებლიედ, ისეთ საქმეს აკეთებენ, რომელიც რუსეთს აწყობს.

„როდესაც ენერგოდამოუკიდებლობის და, ამ კონკრეტულ შემთხვევაში, „ნამოხვანჰესის“ წინააღმდეგ აქცია მიმდინარეობს, მაინცდამაინც მკაფიო არგუმენტები არ ჩანს. ვინც აორგანიზებს, პირდაპირ ეთერში დებატებსა და გადაცემებში მონაწილეობაზეც კი უარს ამბობენ. ჩნდება გარკვეული ეჭვები. ამის იქით მე არ წავალ. ნებსით თუ უნებლიედ, ისინი აკეთებენ იმ საქმეს, რომელიც აწყობს, მაგალითად, ჩვენს ჩრდილოელ მეზობელს. როცა საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობაზეა საუბარი და კონკრეტულ შემთხვევაში 800 მილიონზე მეტ ინვესტიციაზეა საუბარი, ეს პატარა ქვეყნისთვის რას ნიშნავს, რა ხარისხის ინვესტიციაზე, ენერგოდამოუკიდებლობის რა კომპონენტსა და რა მნიშვნელოვან დეტალზეა საუბარი, ამ დროს როცა ეწინააღმდეგები, სულ ცოტა ისეთი მყარი არგუმენტები უნდა გქონდეს, რომელიც გადაწონის ენერგოდამოუკიდებლობის და 800-მილიონიანი ინვესტიციის ამ ქვეყანაში ჩადების ინტერესს.

სწორედ ეს არის ის პოლიტიკური ელფერი, რომელიც მათი მოთხოვნებიდან გამომდინარე გაჩნდა გუშინ. არ მინდა, წინასწარ პროგნოზი გავაკეთო. გუშინ პოლიტიკური მოთხოვნებიც გახმოვანდა ამ აქციაზე, რაც სამწუხაროა. ვისურვებდი, რომ ყოფილიყო, მაგალითად, თანხმობა კახა კუჭავას ძალიან მაგარ ინიციატივაზე, როცა მან კომუნიკაცია თავად სცადა. როცა პარლამენტის თავმჯდომარე შეხვედრას გთავაზობს და შენ ეუბნები, იცი რა, უკანა ეზოში გამოდი და იქ პირდაპირ ეთერში ჩავერთოთ, ანუ არ გინდა, რომ ასეთი შეხვედრა შედგეს. არგუმენტების ჭიდილი შესაძლებელია, იყოს ერთადერთი რეცეპტი, რითაც საზოგადოება გადაწყვეტს, ვინაა მართალი“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები