ჯანმო: მესამე კვირაა, მსოფლიოში ინფიცირებისა და გარდაცვალების კლების ტენდენციაა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური დირექტორის, ტედროს ადანომ გებრეისუსის განცხადებით, მსოფლიოში უკვე მესამე კვირაა, კორონავირუსით ინფიცირების ახალი შემთხვევებისა და ვირუსით გამოწვეული გარდაცვალებების კლების ტენდენციაა.

ამის შესახებ მან ჟენევაში, ჯანდაცვის მსოფლიო ასამბლეის 74-ე სესიაზე განაცხადა.

ამასთან, მისი თქმით, გლობალური მასშტაბით ინფიცირებისადმი მოწყვლადი მდგომარეობა ნარჩუნდება.

გებრეისუსის თქმით, დღესდღეისობით არ არის გამოვლენილი კორონავირუსის ისეთი ახალი სახეობა, რომელიც შესაძლოა, “ვაქცინების, თერაპევტული თუ დიაგნოსტიკური საშუალებების ეფექტურობას ამცირებდეს”.

“თუმცა, არ არის გარანტია იმის, რომ ასეთი მდგომარეობა შენარჩუნდეს, რადგან ვირუსი მუდმივად იცვლება და მისი სამომავლო ცვალებადობამ შესაძლოა, მასთან ბრძოლის ინსტრუმენტები არაეფექტური გახადოს. ამჟამინდელი პანდემია იქამდე არ დასრულდება, სანამ ინფექციის გადაცემა, თითოეულ ქვეყანაში არ იქნება კონტროლზე აყვანილი”,- თქვა გებრეისუსმა.

ჯონს ჰოპკინსის ინსტიტუტის მიხედვით, 24 მაისის მდგომარეობით მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირების ​167 240 144 შემთხვევაა გამოვლენილი; ვირუსს 3 465 238 პირი ემსხვერპლა.

გარდა ამისა, დღეის მდგომარეობით, მსოფლიოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის 1 673 587 247 დოზაა შეყვანილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები