ლევან სამუშია: არ ვიცი, ვიღაც ალუდაა, პარლამენტის წევრი, უფრო აგრესიულად უნდოდა და ჩემთან ეს არ გამოუვიდა
“კითხვებზე პასუხი ვერ გამცეს და შემდეგ პროვოკაციაზე წამოვიდნენ”, – ასე გამოეხმაურა “ლელოს” წევრი, ლევან სამუშია პარლამენტში უმრავლესობის წევრთან, ალუდა ღუდუშაურთან მომხდარ სიტყვიერ დაპირისპირებას.
მისივე თქმით, უმრავლესობას კითხვებზე პასუხები არ აქვს.
„ბიძინა ივანიშვილისა და მისი ქვეშევრდომებისთვისაც უცხოა პოლემიკა. მათ კითხვით მივმართე, რამაც მათი გაღიზიანება გამოიწვია. წარმოუდგენელ რამეს აპირებენ – მთელი სისხლის სამართლის კოდექსის ამნისტირებასა და საკუთარი თავის ამნისტირებას. კითხვებზე პასუხი ვერ გამცეს და შემდეგ პროვოკაციაზე წამოვიდნენ. არ ვიცი, ვიღაც ალუდაა ეგეთი, პარლამენტის წევრი, უფრო აგრესიულად უნდოდა და ჩემთან ეს არ გამოუვიდა. კონკრეტულ კითხვებზე პასუხები არ აქვთ და შემდეგ შოუზე ლაპარაკობენ. ჩემი აზრით, განზრახ მკვლელობის მცდელობაა მაკო გომურის მიმართ განხორციელებული და განზრახ მკვლელობის მცდელობაზე ვრცელდება ამნისტია, განზრახ მკვლელობაზეც. ყველაფერზე ავრცელებენ. იმდენი დანაშაული აქვთ ჩადენილი 20 ივნისს, რომ საკუთარი თავის თვითლუსტრირება არ ერიდებათ, ყველაფერზე ავრცელებენ ამნისტიას, საკუთარი თავის ამნისტირებას აპირებენ“, – განაცხადა ლევან სამუშიამ.
პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე, სადაც 19-20 ივნისის ამნისტიის შესახებ პროექტის განხილვა მიმდინარეობს, ცოტა ხნის წინ სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. ერთმანეთს უმრავლესობის წევრი, ალუდა ღუდუშაური და პარტია „ლელოს“ წარმომადგენელი, ლევან სამუშია დაუპირისპირდნენ. სამუშიამ უმრავლესობის კანონპროექტს „ქართული ოცნების“ ლუსტრაცია” უწოდა.
ამ წუთებში კომიტეტის სხდომაზე პროექტის განხილვა გრძელდება.