ალუდა ღუდუშაური: ლევან სამუშიას ვუწოდე ოროსანი იურისტი, ეს ადამიანები მოსულები არიან პროვოკაციის მოსაწყობად, შოუს დასადგმელად
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ალუდა ღუდუშაური საკანონმდებლო ორგანოში ცოტა ხნის წინ მას და “ლელოს” წევრ ლევან სამუშიას შორის მომხდარ სიტყვიერ დაპირისპირებას ეხმაურება.
ღუდუშაურის თქმით, კონკრეტული ადამიანების სურვილია შოუს მოწყობა.
“როგორც ჩანს, კონკრეტული პირები მოსულები იყვნენ შოუს მოსაწყობად. სამწუხაროა, რომ ლევან სამუშიასა და „ლელოს“ წარმომადგენელს ის როლი ერგოთ, რომ შოუმენების ამპლუაში წარმოდგენილი ყოფილიყვნენ. ლევან სამუშიას ვუწოდე ოროსანი იურისტი, მაგრამ მან მიპასუხა, რომ არის ხუთოსანი იურისტი. ეს ადამიანები მოსულები არიან პროვოკაციის მოსაწყობად, შოუს დასადგმელად. როცა არ გინდა მოისმინო და წაიკითხო კანონპროექტი, ან წაკითხულის სწორად გადმოცემის სურვილი არ გაქვს, ეს არის ოროსნობა“, – განაცხადა ღუდუშაურმა.
პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე, სადაც 19-20 ივნისის ამნისტიის შესახებ პროექტის განხილვა მიმდინარეობს, ცოტა ხნის წინ სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. ერთმანეთს უმრავლესობის წევრი, ალუდა ღუდუშაური და პარტია „ლელოს“ წარმომადგენელი, ლევან სამუშია დაუპირისპირდნენ. სამუშიამ უმრავლესობის კანონპროექტს „ქართული ოცნების“ ლუსტრაცია უწოდა.
ამ წუთებში კომიტეტის სხდომაზე პროექტის განხილვა გრძელდება.