Ryanair-ის ხელმძღვანელი: ბელორუსში იძულებითი დაშვება მთავრობის მიერ დაფინანსებული გატაცება იყო

ირლანდიის დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Ryanair- ის აღმასრულებელი დირექტორის, მაიკლ ო’ლირიმის განცხადებით, ბელორუსში ათენ-ვილნიუსის რეისის იძულებითი დაშვება ”მთავრობის მიერ დაფინანსებული გატაცება იყო”.

ამის შესახებ მან რადიოსადგურ Newstalk- თან ინტერვიუში თქვა.

“ეს იყო მთავრობის მიერ დაფინანსებული, თვითმფრინავის გატაცება, მთავრობის მიერ დაფინანსებული მეკობრეობა. ამაზე ბევრს ვერ ვისაუბრებ, რადგან ამჟამად საკითხზე ევროკავშირი და ნატო მუშაობენ. ეკიპაჟთან გვაქვს საუბარი, რომელმაც ფენომენალური სამუშაო გასწია, რომ მინსკიდან ექვსი საათის შემდეგ თვითმფრინავისა და თითქმის ყველა მგზავრის წამოყვანა ყოფილიყო შესაძლებელი”, – თქვა ო’ლირიმ.

მისივე თქმით, როგორც ჩანს, თვითმფრინავში ბელორუსული კგბ- ის აგენტები იმყოფებოდნენ.

”როგორც ჩანს, ხელისუფლებას განზრახული ჰქონდა ჟურნალისტისა და მისი თანამგზავრის წაყვანა. ჩვენ გვჯერა, რომ აეროპორტში ასევე ჩამოვიდა კგბ-ს რამდენიმე აგენტი”, ​​- თქვა მან.

ო’ლირის თქმით, ინციდენტი ძალიან მძიმე იყო მგზავრებისა და ეკიპაჟისთვის, რადგან ისინი შეიარაღებული კონტროლის ქვეშ იმყოფებოდნენ და მათ ჩანთებს ჩხრეკდნენ.

მინსკში ოპოზიციურად განწყობილი ჟურნალისტი, რომან პროტასევიჩი 23 მაისს დააკავეს, რომელსაც ბელორუსის ხელისუფლება მასობრივი არეულობის ორგანიზებაში სდებს ბრალს.

პროტასევიჩი ავიაკომპანია „რაინეარის“ თვითმფრინავით ათენიდან ვილნიუსში მიემგზავრებოდა, თუმცა, ბორტზე ასაფეთქებელი მოწყობილობის შესახებ შესული ინფორმაციის საფუძველზე, თვითმფრინავი ავარიულად დაეშვა მინსკის აეროპორტში, სადაც ის სამართალდამცველებმა დააკავეს.

თავად რომან პროტასევიჩი რეისის დაწყებამდე ამბობდა, რომ აეროპორტში მას უთვალთვალებდნენ და მისი პასპორტისა და დოკუმენტებისთვის ფოტოების გადაღებას ცდილობდნენ.

რომან პროტასევიჩს ბელორუსში 15-წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები