ალუდა ღუდუშაური – “ნამოხვანჰესზე”: თუ გვინდა, რაიმე გადავწყვიტოთ, ქვეყანა წინ წავიდეს და მის მომავალზე ვიყოთ ორიენტირებულები, ამისთვის ერთადერთი გზა კონსტრუქციული საუბარია
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ალუდა ღუდუშაური „ნამოხვანჰესის“ მოწინააღმდეგეთა აქციის მონაწილეებს კონსტრუქციული დიალოგისკენ მოუწოდებს.
მისი თქმით, დიალოგს ალტერნატივა არ აქვს.
„ნუ ვისაუბრებთ ულტიმატუმის ენით. თუ გვინდა, რაიმე გადავწყვიტოთ, ქვეყანა წინ წავიდეს და მის მომავალზე ვიყოთ ორიენტირებულები, ამისთვის, ერთადერთი გზა კონსტრუქციული საუბარია. მინდა, ყველას მოვუწოდო, დავიცხროთ ზედმეტი ემოციები და საგნობრივი დიალოგის რეჟიმში გადავიდეთ“, – აცხადებს ალუდა ღუდუშაური.
„ნამოხვანჰესის“ მშენებლობის საწინააღმდეგო აქცია თბილისში გუშინ გაიმართა. აქციის მონაწილეებმა რესპუბლიკის მოედანზე, გზის სავალ ნაწილზე კარვები გაშალეს. აქციის ორგანიზატორების განცხადებით, 24 მაისის 12:00 საათამდე დაელოდებიან ხელისუფლების გადაწყვეტილებას მათ მოთხოვნებთან დაკავშირებით. რაც შეეხება მოთხოვნებს, ვარლამ გოლეთიანის განცხადებით, კომპანია „ენკამ“ უნდა დატოვოს რიონის ხეობა, გაწყდეს კომპანიასთან დადებული ხელშეკრულება, გაბათილდეს ყველა დოკუმენტაცია, რომელიც 2015 წლიდან კომპანიის მისამართითაა გაცემული. მისივე თქმით, ასევე, მოთხოვნებს შორისაა ეკონომიკის მინისტრის გადადგომა, ყველა იმ პირის პასუხისმგებლობა, ვინც უშუალოდ მონაწილეობს ამ პროექტსა და ენერგოსექტორში მორატორიუმის გამოცხადება. ვარლამ გოლეთიანი აცხადებს, რომ, მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში, დედაქალაქის პარალიზებას მოახდენენ.