ვახტანგ ძაბირაძე – “ნამოხვანჰესის” აქციაზე: ულტიმატუმების წამოყენება, მოთხოვნების შესრულებისთვის ვადების დათქმა, მათი მოქმედების სტილს არ ჰგავს

გაუთავებლად ლაპარაკობენ ენერგოდამოუკიდებლობაზე, მაინტერესებს, ეს საკითხი ერთნაირად გვესმის მე, თქვენ, ამ სფეროში მომუშავე ხალხს და ხელისუფლებას? რას ნიშნავს ენერგოდამოუკიდებლობა, როდესაც ჯერ კიდევ ზუსტად არ ვიცით, “ენგურჰესის” კაშხალი რუსებისაა თუ ჩვენი?”,- ამის შესახებ ექსპერტი ვახტანგ ძაბირაძე გაზეთ “კვირის პალიტრასთან” ინტერვიუში აცხადებს და “ნამოხვანჰესის” მოწინააღმდეგეების მიერ გუშინ თბილისში ჩატარებულ საპროტესტო აქციას ეხმაურება.

ექსპერტი ინტერვიუში ქვეყანაში განვითარებულ პოლიტიკურ პროცესებსაც აფასებს.

სამწუხაროდ, საქართველოში ენერგ­ეტიკული მიმართულება ყოველთვის დახურული იყო. შეიძლება ითქვას, უფრო გასაიდუმლოებული, ვიდრე უშიშროების სამსახურების მუშაობა. ეს არის მიმართულება, რომელში შეღწევას ვერავინ ახერხებს,­ გარდა კონკრეტული ჯგუფისა, რომელიც გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან აკონტროლებს და კურირებს ამ სფეროს. გაუთავებლად რომ ლაპარაკობენ ენერგოდამოუკიდებლობაზე, მაინტერესებს, ეს საკითხი ერთნაირად გვესმის მე, თქვენ, ამ სფეროში მომუშავე ხალხს და ხელისუფლებას?

რას ნიშნავს ენერგოდამოუკიდებლობა, როდესაც ჯერ კიდევ ზუსტად არ ვიცით, “ენგურჰესის” კაშხალი რუსებისაა თუ ჩვენი? ამასთან, ფაქტობრივად, გარკვეულია, რომ “ხრამჰესები” – პირველიც და მეორეც – რუსების ხელშია… ამ ყველაფრის გათვალისწინებით, რა დამოუკიდებლობაზე ვლაპარაკობთ?!

არ ვარ ამ სფეროს სპეციალისტი, ამიტომ არ ვიცი, მართებულია თუ არა აქციის მონაწილეთა მოთხოვნები, მაგრამ მეც მაქვს კითხვები. მაგალითად, თუ მე, როგორც ქვეყნის ერთმა მოქალაქემ, იგივე უნდა გადავიხადო საქართველოში წარმოებულ ელექტროენერგიაში, რასაც ვიხდი რუსეთიდან თუ აზერბაიჯანიდან შემოტანილში, მაშინ რატომ უნდა დავკარგო ხეობა?! მარტივი რამ აქვს ხელისუფლებას სათქმელი – თუ ეს პროექტი განხორციელდება, რას მოიგებს საქართველოს რიგითი მოქალაქე? სამწუხაროდ, ამ კითხვებზე პასუხები არ ჩანს. ჩვენთან ხომ ასე ხდება – ნებისმიერი პროტესტის შემთხვევაში ამბობენ, რომ მას ვიღაც მართავს. თუ ყველა პროტესტს ამ ქვეყანაში სხვა ვიღაც მართავს, მაშინ რას აკეთებს ხელისუფლება? ჩემთვის ამ პროცესში მნიშვნელოვანი სხვა საკითხია. ვხედავთ, რომ პოლიტიკური პროცესი ასცდა საზოგადოებრივს, რაც იმედს მიჩენს, რომ საზოგადოება იღვიძებს და პროტესტს გამოხატავს. ბოლო დღეებში ჩვენ ვნახეთ პროტესტი ბორჯომში, ჭიათურაში, სადაც მთავარი მოთხოვნები სწორედ სოციალურ პრობლემებს უკავშირდებოდა. ეს ნიშნავს, რომ ნელ-ნელა გამოვდივართ ბურუსიდან და ახალ რეალობას ვაყალიბებთ. პოლიტიკოსები ამას რაც მალე დაინახავენ, მით უკეთესი მათთვის. რაც შეეხება აქციას, მოთხოვნებში ახალი ბევრი არაფერი ყოფილა, ამაზე აქამდეც ლაპარაკობდნენ, მაგრამ ძალიან გამაკვირვა იმ რადიკალიზმმა, რაც დავინახეთ. აქამდე “რიონის მცველები” გაცილებით გაწონასწორებული და თანამიმდევრული მოქმედებებით გამოირჩეოდნენ. ასე ულტიმატუმების წამოყენება, მოთხოვნების შესრულებისთვის ვადების დათქმა, სიმართლე გითხრათ, მათი მოქმედების სტილს არ ჰგავს. 12 საათამდე ვაძლევთ ხელისუფლებას დროსო. პირველის 10 წუთზე რომ დათანხმდნენ მათ მოთხოვნებს, არ მიიღებენ? მოკლედ, ძალიან ბავშვურად მეჩვენება ეს განცხადებები.

რამ გამოიწვია მათი რიტორიკის ცვლილება, არ ვიცი. მინდა ეს მათ გამოუცდელობას მივაწერო და არა რაიმე სხვა მიზეზებს. რას ნიშნავს ქალაქის პარალიზება? ძალიან არასწორია, საზოგადოებრივი მოძრაობა ამგვარ განცხადებებს,­ ფაქტ­ობრივად, გზის დასაწყისში აკეთე­ბ­დეს. მე ვიყავი აქციაზე, მაინტერეს­ებდა პროტესტის მასშტაბი. კი ბატ­ონო, საზოგადოებრივი პროტესტის­ თვალსაზრისით ეს ნამდვილად ხალ­ხ­მ­რავალი აქცია იყო, მაგრამ არა ისეთი მასშტაბური, ქალაქის პარ­ალიზების რესურსი გამოჩენილიყო.
აქვე ვიტყვი – აღარ არის საზოგადოება იმ მდგომარეობაში, როდესაც შეიძლება ვინმემ რადიკალიზმი პროტესტის გამძაფრების ხერხად გამოიყენოს. საზოგადოება რადიკალიზმით დაიღალა! დღეს ხალხს ყველაზე მეტად დესტაბილიზაცია და არეულობა აფრთხობს. ისედაც უამრავი გამოწვევის წინაშე მდგარ ჩვენს სახელმწიფოს ყველაზე მეტად დესტაბილიზაცია დააზიანებს. იმედია ამ ახალგაზრდებს ეს ესმით და მალევე შეცვლიან ამ რიტორიკას. ასე აჯობებს მათთვისაც და ქვეყნისთვისაც.

“საარჩევნო კოდექსში” ცვლილებების შესახებ პროექტს რაც შეეხება – ამ პროცესში ყველაზე მნიშვნელოვანია ის, რომ ხელისუფლება და ოპოზიცია, ფაქტობრივად, შეთანხმდა ცვლილებების შინაარსზე. ასევე მნიშვნელოვანია, როგორი იქნება ვენეციის კომისიის შეფასება, რასაც უახლოეს მომავალში გავიგებთ. ცვლილებების წარმოდგენილი პროექტი, რა თქმა უნდა, აუმჯობესებს არსებულ საარჩევნო კოდექსს, მასში მეტი ისეთი ბარიერია გათვალისწინებული, რომლებიც გაყალბებას შეუშლის ხელს, მაგრამ საკანონმდებლო ცვლილებებმა სრულად უნდა განაპირობოს არჩევნების სამართლიანობა – ეს პრობლემური საკითხია. არსებობს მექანიზმები, რომლებიც კანონში ვერ იქნება ასახული და რასაც ხელისუფლება ისევე გამოიყენებს, როგორც აქამდე იყენებდა. არის კიდევ ერთი ფაქტორი – “ნაციონალური მოძრაობა”, რომელიც არ მონაწილეობს ამ პროცესში და აპირებს, საარჩევნო კოდექსთან დაკავშირებით დამოუკიდებლად ჩამოაყალიბოს შეხედულებები. იმედი მაქვს, რომ ბევრი რამ უფრო ცხადი სწორედ საპარლამენტო განხილვებისას გახდება, ასევე გამოჩნდება, რა ხარვეზები აქვს კანონპროექტს და როგორ შეიძლება მათი გამოსწორება.

გარანტირებულად იმის თქმა, რომ ამ ცვლილებების მიღების შემდეგ ოპოზიცია მომავალი არჩევნების შედეგებით უკმაყოფილების შემთხვევაში პროტესტს არ გამოთქვამს, ან ეს ცვლილებები არჩევნების აბსოლუტურად სამართლიანად ჩატარებას შეუწყობს ხელს, შეუძლებელია.

არც ერთი მხარე არ არის იმგვარი ცვლილებების მსურველი, რომლებიც პოლიტიკურ პროცესს მოაწესრიგებდა. ეს საარჩევნო ცვლილებები, სამწუხაროდ, ისევ ერთდღიანი მოხმარებისთვის არის გამიზნული, ანუ ყველაფერი მაინც საარჩევნო დღეზეა ორიენტირებული. თუ გვინდა ამოვიდეთ ამ ჭაობიდან და საარჩევნო ცხოვრება მოაწესრიგოს საარჩევნო კოდექსმა, სხვა მიმართულებებით უნდა ვიფიქროთ და ვიმუშაოთ, თუმცა, ვხედავთ, რომ პოლიტიკური სპექტრი ამით ნაკლებად არის დაინტერესებული. ბევრს ვლაპარაკობთ ქვეყანაში დემოკრატიის განვითარებაზე, ეს საარჩევნო კოდექსი კი არ იძლევა პარტიული დემოკრატიისთვის ხელშეწყობის საშუალებას. ასევე ისმის კითხვა: შეეძლება კი განახლებულ საარჩევნო კოდექსს, პოლიტიკურ ელიტა შეცვალოს? სამწუხაროდ, არა. რა თქმა უნდა, არჩევნების დღე მნიშვნელოვანია, მაგრამ უფრო მნიშვნელოვანია ის, რომ კოდექსმა ხელი შეუწყოს პოლიტიკური ელიტის რბილ ცვლილებას და გამართული პარტიული სისტემის ჩამოყალიბებას. თუ ამ ამოცანას ვისახავთ, მაშინ ის საარჩევნო კოდექსი, რომელსაც ამ ცვლილებების საფუძველზე მივიღებთ, წინასგან მაინცდამაინც განსხვავებული არ იქნება. ასევე მნიშვნელოვანი იქნება, რა ინიც­იატივით გამოვა “ნაციონალური მოძრაობა”.­ მოგვწონს თუ არ მოგვწონს, ჯერჯერობით ქვეყანაში მთავარი ოპოზიციური პარტია ეგ არის… ისმის კითხვები: ხომ არ ექნება ამ ძალას იმგვარი მოთხოვნები­ და პრეტენზიები, რაც ახალი ცვლილებების მნიშვნელობას და შემდგომ უკვე არჩევნების სანდოობას ეჭვქვეშ დააყენებს? და საერთოდ, “ნაცმოძრაობას” სწორედ ეს ხომ არა აქვს მიზნად დასახული?

რაც შეეხება “ნაციონალური მოძრაობის” ბოლოდროინდელ ნაბიჯებს – თუ სააკაშვილსა და მელიას აზრთა­ ­გაცვლა-გამოცვლა სურდათ, ამას დისტანციურადაც შეძლებდნენ. მით უფრო, რომ თემა ახალი არ გახლავთ – ბოლო 6 თვეა, “ნაციონალური მოძრაობა” პარლამენტში შესვლა-არშესვლაზე ლაპარაკობს. ეს აფიშირებული ჩასვლა არის იმის დასტური, რომ ნიკა მელია “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე კი არის, მაგრამ სააკაშვილი რჩება პარტიაში მთავარ ფიგურად, ლიდერად და მის გარეშე გადაწყვეტილებების მიღება არ ხერხდება. ამ ვიზიტით “ნაცმოძრაობამ” აშკა­რად თქვა, რომ სააკაშვილი არის პარტიის არა ფორმალური, არამედ რეალური ლიდერი. ეს იყო დემონსტრაცია და გზავნილი როგორც მთელი საზოგადოებისთვის, ასევე “ნაციონალური მოძრაობის” ელექტორატისთვის.

რაც შეეხება იმას, შევა თუ არა “ნაცმოძრაობა” პარლამენტში, დარწმუნებული ვარ, რომ შევა. ახლა ცდილობენ, საარჩევნო კოდექსთან დაკავშირებით “ნაციონალურ მოძრაობასა” და არასაპარლამენტო ოპოზიციას შორის შეიქმნას ალიანსი. “ნაცმოძრაობა” ცდილობს, ისე წარმოაჩინოს ვითარება, თითქოს მომავალი ინიციატივები მხოლოდ მათი კი არა, პარტიათა გაერთიანების იქნება. მას მერე, რაც “ნაციონალებს” საპარლა­მენტო ოპოზიცური პარტიები ჩამოშორდნენ, მათ დაიწყეს არასაპარლამენტო პარტიებთან კონსულტაციები. აი, ეს თამაში გრძელდება ახლა. ამ პატარა პარტიების იმედად ყოფნა მაშინ, როდესაც “ნაცმოძრაობას” სერიოზული საპროტესტო ტალღის აგორების რესურსი არ აქვს, პოლიტიკური შეცდომა იქნება, რადგან დღეს პოლიტიკური პროცესი პარლამენტში გადადის. “ნაცმოძრაობაში” ჭკვიანი­ ხალხია. დარწმუნებული ვარ, ისინი ამ ყველაფერს ხედავენ და ამიტომაც პარლამენტში აუცილებლად შევლენ.

ორიოდე სიტყვას ვიტყვი ნიკა მელიაზეც, რომელიც ციხიდან გამოსვლისას ისეთ განცხადებებს აკეთებდა, გაჩნდა ვარაუდი, რომ ის ოპოზიციის ზეპარტიულ ლიდერობას ცდილობდა, თუმცა კიევში ვიზიტის შემდეგ, საეჭვოა, ეს გამოვიდეს. რაც უნდა აცხადოს ივანიშვილმა, რომ პოლიტიკიდან წავიდა, სააკაშვილმა კი კიევში, ან სადაც უნდა იქ იცხოვროს, ეს ორი ადამიანი მაინც რჩება ყველაზე გავლენიან ფიგურებად თავიანთ პარტიებში. ეს კარგად იციან ოპოზიციაშიც და რატომ მოუნდებათ მელია, როგორც საერთო ოპოზიციური ლიდერი, როდესაც ყველა ხედავს, რომ ის პირველი კაცი კონკრეტულ პარტიაშიც კი არ არის?! მელია პრაგმატულ და გონიერ პოლიტიკოსად ყალიბდება, მაგრამ როგორც კი რაღაც სჭირდება, კიევში გარბის… “ნაცმოძრაობასაც” აძლევს ხელს მელიას საერთო ოპოზიციურ ლიდერად ქცევა, მაგრამ ეს შეუძლებელი მგონია. როგორც უკვე ვთქვი, “ნაციონალური მოძრაობა” ოპოზიციური ერთობის შექმნას ჯერ საპარლამენტო ოპოზიციასთან ცდილობდა, რაც არ გამოვიდა. ახლა არასაპარლამენტოსთან ცდილობს. მიუხედავად იმისა, რომ ამ პარტიების ჯამური რეიტინგი შეიძლება 2%-იც არ იყოს, “ნაციონალებს” მაინც აწყობთ, ისე წარდგნენ საზოგადოების წინაშე, როგორც პოლიტიკური ერთობის წევრები… მახსოვს, ერთი პერიოდი ასეთი ინფორმაციაც გამოვიდა კულუარებიდან, თითქოს ოპოზიციაში მიმდინარეობდა­ კონსულტაციები თვითმმართველობის მომავალ არჩევნებზე საერთო ფრონტით გასვლის შესახებ და თბილისის მერობის კანდიდატად ნიკა მელიას წარდგენას­ ფიქრობდნენ, საკრებულოს თავმჯდომარის პოსტზე – ბადრი ჯაფარიძის, ელენე ხოშტარიას კი ვიცე-მერობის კანდიდატად შესთავაზებდნენ საზოგადოებას, თუმცა, როგორც ჩანს, ეს არ გამოვიდა, რაც ბუნებრივია. ამ პარტიებს თავიანთი მიზნები აქვთ და თუ თვითმმართველობის არჩევნებზე ისევ “ნაცმოძრაობის” ქოლგის ქვეშ გაერთიანდებიან, ეს ნიშნავს, რომ ისინი საკუთარი პარტიული სტრუქტურების გაძლიერებას ვერ შეძლებენ.

ოპოზიცია სერიოზული დილემის წინაშე დგას – მან უნდა იფიქროს ორი მიმართულებით და გადაწყვიტოს, რა არის მისთვის მნიშვნელოვანი: არჩევნებში გამარჯვება და თვითმმართველობის ადგილობრივი რგოლების მართვა თუ იმისთვის მუშაობა, რომ “ქართულმა ოცნებამ” ვერ აიღოს ხმების 43% და საჭირო გახდეს ვადამდელი არჩევნების დანიშვნა. თავსებადია თუ არა ეს მიმართულებები, ან რას მიანიჭებენ უპირატესობას, მათი გადასაწყვეტია, თუმცა ეს ადვილი საქმე არ არის, რადგან მუშაობა სხვადასხვა სტრატეგიით იქნება საჭირო.

თუ ერთი ბლოკით გამოვლენ, “ნაციონალური მოძრაობა” მაინც იქცევა მის წამყვან ძალად, შესაბამისად, ვიზიარებ აზრს, რომ “ნაციონალური მოძრაობისა” და “ქართული ოცნების” დაპირისპირებიდან გამარჯვებული ისევ “ქართული ოცნება” გამოვა, ამიტომ, ჩემი აზრით, თუ გადაწყვეტენ, რომ მათთვის უფრო მნიშვნელოვანი ვადამდელი არჩევნებია, ყველა ცალ-ცალკე უნდა გავიდეს არჩევნებზე და შესაძლოა მოილაპარაკონ მერობისა და მაჟორიტარობის კანდიდატებზე, ერთმანეთს ხელი რომ არ შეუშალონ.

რაც შეეხება გასულ კვირას დმანისში განვითარებულ მოვლენებს – დღეს, როდესაც ჩვენი ქვეყნის წინაშე­ ახალი, ძალიან მნიშვნელოვანი რეგი­ონული გამოწვევები დგას, მსგავს კონფლიქტებს, შესაძლოა, მძიმე შედეგები მოჰყვეს. უკვე 30 წელიწადია, ვერც ჩვენი­ სახელმწიფო­ და ვერც ხელისუფლებები­ ეთნიკურ უმცირესობებთან დაკავშირებით ვერ ჩამოყალიბდნენ. ჩვენში ეს თემა, ძირთადად, მაშინ ახსენდებათ, როდესაც რაღაც პრობლემა იქმნება, არადა, აქ სხვაგვარი მიდგომაა საჭირო. ვიმეორებ, ამ თვალსაზრისით საფრთხე გაზრდილია, განსაკუთრებით – ყარაბაღში განვითარებული მოვლენების შემდეგ, ამიტომ დიდი ყურადღებაა საჭირო. ამ მიმართულებით სტრატეგია და გეგმებია შესამუშავებელი და შესაბამისი სამსახურები 24 საათის განმავლობაში უნდა მუშაობდნენ.­ ხომ უნდა დაგვაფიქროს იმან, რომ ყოფით ინციდენტს ასეთი დაპირისპირება­ მოჰყვა და შესაბამისი დასკვნებისკენ გვიბიძგოს?! მანამდე ეთნიკური პრობლემა რომ არ ყოფილიყო, ორი ბოთლი ლუდი ვერ გახდებოდა ასეთი არეულობის საფუძველი. ჩემი აზრით, ხელისუფლებამაც დააგვიანა რეაგირება. უსწრაფესად უნდა ემოქმედათ, მაგრამ ამაზე მნიშვნელოვანი პრევენციაა, რასაც ვერ ვხედავთ.

თუ მესამე ძალის ინტერესებსა და გარედან მართულ პროცესებზე ვლაპარაკობთ, ჯობს სწორედ ამაზე იფიქროს სახელმწიფომ და ნამოხვანთან დაკავშირებულ პროტესტში კი არ ეძებოს რუსული კვალი, არამედ იქ, სადაც ეს კვალი გაცილებით აშკარად ჩანს”,- აცხადებს ძაბირაძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები