„მთავარი როლი“ – პრემიერა ოზურგეთის თეატრში
ოზურგეთის ახლადგახსნილ, რეაბილიტირებულ სახელმწიფო დრამატულ თეატრში საპრემიერო წარმოდგენების ჩვენებები გრძელდება. 23 და 24 მაისს, 18 საათზე, რეჟისორი დიმიტრი ხვთისიაშვილი მაყურებელს თამარ ბართაიას ლირიკული კომედიის „მთავარი როლი“ შესთავაზებს. დადგმაზე მხატვარმა ლომგულ მურუსიძემ იმუშავა, ხოლო მუსიკალურად გააფორმა ზურა გაგლოშვილმა. სპექტაკლში 5 მსახიობი: თამარ მდინარაძე, დავით კვერღელიძე, კობა ახალაძე, ანი გოდერძიშვილი და ციცი ბუცხრიკიძე მონაწილეობენ.
„მგონია, რომ ეს სპექტაკლი თავისი მსახიობთა არაჩვეულებრივი გუნდით არ დატოვებს გულგრილს მაყურებელს და ამ სპექტაკლით რაღაც სიახლე შევიტანეთ ოზურგეთის თეატრის რეპერტუარში – აცხადებს რეჟისორი დიმიტრი ხვთისიაშვილი.
თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი ვასო ჩიგოგიძე: „ყველა თეატრს რეპერტუარში უნდა ჰქონდეს კომედია. ჩვენ გადავწყვიტეთ გვეჩვენებინა არა ვოდევილი, არამედ თანამედროვე კომედია, რომელიც უფრო სიტუაციური კომედიაა, ვიდრე ხასიათების. მსახიობებმა კარგად აუღეს ალღო ამ ჟანრს და იმედი მაქვს, რომ ღელვა, რომელიც ყველა პრემიერას ახლავს, არ იქნება იმ ხარისხის, რომ სარეპეტიციო პროცესში ნაპოვნი ხასიათები რაღაცით გაფერმკრთალდეს და გვაქვს იმედი, რომ სპექტაკლი მოეწონება მაყურებელს.“