ანა ნაცვლიშვილმა „საარჩევნო კოდექსში” ცვლილებებთან დაკავშირებით კენჭისყრაში მონაწილეობისგან თავი შეიკავა

„ლელოს“ წევრმა ანა ნაცვლიშვილმა „საარჩევნო კოდექსში” ცვლილებებთან დაკავშირებით კენჭისყრაში მონაწილეობისგან თავი შეიკავა.

მისი თქმით,  „ის ნახავს ბოლომდე მისულ საქმეს და ამის შემდეგ დააფიქსირებს პოზიციას”.

ამასთან, ნაცვლიშვილი აცხადებს, რომ „იმდენად სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის რეფორმა ხორციელდება, რომ თამარ ჟვანიამ აღარ უნდა ჩაატაროს თვითმმართველობის არჩევნები”.

„კანონპროექტში გაცილებით მეტი გარანტიაა არჩევნებში აპრობირებული სიყალბეების და მანიპულაციების დაზღვევის, ვიდრე იმ ვერსიაში, რომელიც დაგვხვდა, როცა ჩვენ აქ მოვედით. კარგია, რომ მთელი რიგი მიმართულებებით დაფიქსირდა წინსვლა, იმისთვის რომ რეალური შინაარსი შეიძინოს შეთანხმების შედეგად დაკომპლექტების შეცვლილმა ფორმულამ, კრიტიკულად მნიშვნელოვანია პროფესიული წევრების შერჩევის პროცესმა ჩაიაროს გამჭვირვალედ, დასაბუთებულად, კონკრეტულ კრიტერიუმებს აკმაყოფილებდნენ კანდიდატები და ეს მოწმდებოდეს, გასაუბრება იყოს მათთან, რომ ისინი იყვნენ მართლაც კომპეტენტური და პოლიტიკურად მიუკერძოებელი ადამიანები და არა პარტაქტივი, რისი არაერთწლიანი ტრადიციაც გვაქვს ამ ქვეყანაში“, – განაცხადა ნაცვლიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები