ვინ არიან აფხაზები, რომლებიც ოკუპირებულ რეგიონში ქართველების უფლებების დარღვევაზე ალაპარაკდნენ

რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში ორგანიზაცია „ჰუმანიტარული პროგრამების ცენტრი“ ღია წერილს აქვეყნებს და აფხაზებს ქართველების უფლებების დარღვევაში ადანაშაულებს.

„სამწუხაროდ, ჩვენ ვხედავთ, თუ როგორ ირღვევა ეთნიკური ჯგუფების უფლებები. ყველაფერი ეს ნაციონალიზმის ნიშნების გამოჩენის პარალელურად ხდება, რაც ძალიან სახიფათოა მრავალეთნიკური საზოგადოების უსაფრთხოებისთვის. შექმნილი მდგომარეობის ერთ-ერთი მიზეზი ადამიანის უფლებების დაცვისთვის აუცილებელი ეფექტური მექანიზმების ნაკლებობაა.“

ორგანიზაცია თვლის, რომ აუცილებელია, აფხაზებმა პრობლემებზე გულწრფელად დაიწყონ საუბარი: „ზოგჯერ გვეჩვენება, რომ ადამიანის უფლებების მასობრივ დარღვევებზე ხმა არ უნდა ამოვიღოთ, რომ „ქვეყნის“ იმიჯი არ დაზიანდეს. სინამდვილეში, ეს ძალიან საშიშია.“  ორგანიზაცია კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს ოკუპირებული აფხაზეთის „დამოუკიდებელი სახელმწიფოს“ სტატუსს და აღნიშნავს, რომ აფხაზები ილუზიის შექმნას ცდილობენ, თითქოს, ყველაფერი კარგად არის.

აფხაზური „ჰუმანიტარული პროგრამების ცენტრის“ განცხადებამ სოხუმში პროტესტი გამოიწვია. სოციალური ქსელის მომხმარებლები წერენ, რომ ოკუპირებულ რეგიონში აფხაზური ე.წ. არასამთავრობო ორგანიზაციები ქართველების ახლა უკვე ღიად დაცვაზე გადავიდნენ. არადა, სხვადასხვა ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაცია საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ საგანგაშო მდგომარეობას ანგარიშებს ხშირად უძღვნის. ადამიანის ფუნდამენტური უფლებების მასიურად დარღვევაზე პასუხისმგებლობა ცალსახად რუსეთის ფედერაციას ეკისრება, ადგილზე ეფექტურ კონტროლს ხომ სწორედ რუსული მხარე ახორციელებს.

განსაკუთრებულ ყურადღებას ყოველთვის ოკუპირებული გალის რაიონი იპყრობს, როგორც რეგიონში ეთნიკური ქართველებით ყველაზე მჭიდროდ დასახლებული ადგილი. საოკუპაციო ძალებს ყველაზე მეტად სწორედ გალელი ქართველები არ უყვართ და აშინებთ. ამიტომაც, ოკუპანტები მათ განსაკუთებულად ამცირებენ და ავიწროებენ.

გალელი ქართველების იძულებითი ასიმილაცია 90-იანი წლებიდან დაიწყო. მიზანი მარტივია, ეთნიკური ქართველებისთვის ცხოვრება მაქსიმალურად აუტანელი ან შეუძლებელი უნდა გახდეს. რუსეთი ქართველებს  რეგიონის დატოვებას აიძულებს, რომ მათ მოსკოვს აფხაზეთის საბოლოოდ ჩაყლაპვის გზაზე ხელი არ შეუშალონ. მათ კი, ვინც დარჩენას გადაწყვეტს, ყველაფერი ქართულის დავიწყებას აძალებს.

2013 წელს ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა დადგენილება მიიღო, რომლის თანახმად ქართველებისთვის მიცემული პასპორტები უკანონოდ ცნეს და ჩამორთმევა მოითხოვეს. დაახლოებით, 26 000-მა, გალის, ოჩამჩირისა და ტყვარჩელის მაცხოვრებელმა დაკარგა პასპორტი, ხმის მიცემისა და საკუთრების უფლება. ბავშვებს მშობლიურ ენაზე სწავლა აუკრძალეს, მშობლები კი „პოლიტიკურ“ პროცესებს ჩამოაშორეს.

2015-2016 წლებიდან ოკუპირებული გალის რაიონში ყველა სკოლა სრულად რუსულენოვან სწავლებაზე გადავიდა. ბუნებრივია, დაიხურა ქართული სკოლებიც, მოსახლეობის იმ ნაწილს კი, ვინც ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე გალის სიახლოვეს არსებულ სკოლებში სწავლობდა, გადაადგილების თავისუფლება შეუზღუდეს.  გალელებს ერთმანეთთან რუსულად კომუნიკაციასაც აიძულებენ. ოკუპირებულ რეგიონში რუსეთის ფედერაციის სადაზვერვო სამმართველოს (ГРУ) თანამშრომლები მუდმივად აკვირდებიან ქართველებს. სხვადასხვა ინტერვიუში, ვინაობის გამჟღავნების გარეშე, ქართველები იმასაც ამბობენ, რომ  რუსეთის სპეცსამსახურები სკოლებსა და ბაღებში პერიოდულად რეიდებს ატარებენ და შემდეგ კრემლს აბარებენ ანგარიშს. ხალხი მუდმივ სტრესშია, მშობლები ყვებიან, თუ როგორ აიძულებენ მათ ქართველ შვილებს სამხედრო თემატიკის ღონისძიებებში მონაწილეობის მიღებას, აფხაზური „ჰიმნის“ შესრულებას, სამხედრო ფორმებში გამოწყობასა და ქართველებზე გამარჯვების აღნიშვნას.

ოფიციალური მოსკოვი ოკუპირებულ ტერიტორიებზე  ადამიანის უფლებების მონიტორინგზე მომუშავე არცერთ ორგანიზაციას არ უშვებს. უფრო მეტიც, შეთანხმების მიუხედავად,  ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას ოკუპირებული რეგიონების მარიონეტი ხელისუფლებები მანდატის შესრულების უფლებას არ აძლევენ.

ამ პირობებშიც კი რუსულმა პროპაგანდისტულმა მანქანამ, ჩვენი აფხაზი თანამოქალაქეების გარკვეული ნაწილისთვის კრემლის მითები ვერ დააჯერა. რუსული სპეცსამსახურების ტოტალური კონტროლისა და ანექსიის მიუხედავად, ქართველების მიმართ უსამართლო დამოკიდებულებაზე თავად აფხაზები ალაპარაკდნენ, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ისტორიის სწორ მხარეს დადგომა დღეს ერთმა ორგანიზაციამ გაბედა, ხვალ შემდეგიც გამოჩნდება. როგორც  უნდა ეცადოს პუტინი ისტორიის შეცვლას, საბოლოოდ, ეთნიკურად აფხაზი საქართველოს მოქალაქეები აუცილებლად „გადმოცურავენ ენგურს“ და მიხვდებიან, რომ ჩვენ, ყველა, ეთნიკური ქართველებიც, გალელი ქართველებიც და აფხაზი ქართველებიც საქართველოს მოქალაქეები ვართ.  ყველას მხოლოდ ერთი საერთო მტერი გვყავს, რომელიც თავისუფლებას გვართმევს  და ეს პუტინის რუსეთია.

გვანცა გაფრინდაშვილი

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები