განათლების სამინისტრო: მედიასაშუალებების ეთერში ორი დღეა, ინტენსიურად ვრცელდება ინფორმაცია ახალგაზრდებში კრიმინალური იდეოლოგიის არსებობის შესახებ, რითაც მოხდა მოზარდებში კრიმინალური სამყაროს პოპულარიზაცია
“მედიასაშუალებების ეთერში ორი დღეა, ინტენსიურად ვრცელდება ინფორმაცია ახალგაზრდებში კრიმინალური იდეოლოგიის არსებობის შესახებ, რითაც მოხდა მოზარდებში კრიმინალური სამყაროს პოპულარიზაცია”, – ამის შესახებ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი.
სამინისტრო მედიასაშუალებებს მოუწოდებს, განსაკუთრებული სიფრთხილე და პროფესიონალიზმი გამოიჩინონ მოზარდებთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხის გაშუქებისას.
„გვსურს, გამოვეხმაუროთ თბილისის ერთ-ერთი სკოლის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს. ზოგიერთი მედიასაშუალების ეთერში ორი დღეა, ინტენსიურად ვრცელდება ინფორმაცია ახალგაზრდებში კრიმინალური იდეოლოგიის არსებობის შესახებ, რითაც მოხდა ამ ნიშნით სკოლის მოსწავლეთა დისკრედიტაცია და მოზარდებში კრიმინალური სამყაროს პოპულარიზაცია. ასეთმა არაჯანსაღმა და არაპროფესიონალურმა ინფორმაციულმა ზეწოლამ კონკრეტული სკოლის კონკრეტული მოსწავლე რთულ ფსიქოლოგიურ მდგომარეობაში ჩააყენა. ასევე, მძიმე ფსიქოლოგიური ზეწოლის ქვეშ იმყოფებიან მისი თანაკლასელები.
განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ერთ-ერთ მთავარ მოვალეობას ბავშვთა უფლებების დაცვა და სკოლებში ჯანსაღი და უსაფრთხო გარემოს შექმნა წარმოადგენს. მათივე თქმით, ამ პროცესში განათლების სისტემაში შემავალი ყველა რგოლი აქტიურად მონაწილეობს.
მოვუწოდებთ მედიასაშუალებებს, განსაკუთრებული სიფრთხილე და პროფესიონალიზმი გამოიჩინონ მოზარდებთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხის გაშუქებისას, არ დაარღვიონ მათი უფლებები, რათა ზიანი არ მიადგეს ბავშვების ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ჯანმრთელობას.
საგანმანათლებლო დაწესებულებებში დიდი ყურადღება ეთმობა ჯანსაღი და პოზიტიური გარემოს შექმნაზე მუშაობას, რაშიც, თავის მხრივ, აქტიურად არის ჩართული მანდატურის სამსახური – როგორც მანდატურები, ისე ფსიქო-სოციალური მომსახურების ცენტრი.
ამ მიმართულებით სკოლებში არაერთი პროგრამა ხორციელდება. ჩვენთვის უმთავრესია მოზარდებში სწორი ღირებულებებისა და თავისუფალი აზროვნების ჩამოყალიბება, მათი სრულყოფილ პიროვნებებად აღზრდა“, – ნათქვამია განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს განცხადებაში.