თეა წულუკიანი: რაკი ოპოზიცია პარლამენტში შევიდა, მათ ამით უკვე დაადასტურეს, რომ არჩევნები არ გაყალბებულა

“რაკი ოპოზიცია პარლამენტში შევიდა, მათ ამით უკვე დაადასტურეს, რომ არჩევნები არ გაყალბებულა”, – ამის შესახებ საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, თეა წულუკიანმა „ქრონიკაში“ განაცხადა.

მისი თქმით, ოპოზიციას საგამოძიებო კომისიაში მონაწილეობა არ უნდა, რადგან შედეგის ეშინიათ.

„არჩევნები რომ არ გაყალბებულა, ეს უკვე იცის ბავშვმაც საქართველოშიც და მის მიღმაც. ამას ადასტურებს ავტორიტეტული საერთაშორისო არაერთი ორგანიზაციის დასკვნა და კვლევა. რა თქმა უნდა, პირველივე დღიდან ამას ვამბობდით ჩვენ და მივუთითებდით იმაზე, რომ ის ხარვეზები, რომელიც იყო, არავითარ შემთხვევაში არ ახდენს გავლენას არც პროცესის გამჭვირვალობაზე, არც მის კონკურენტულობასა და, რა თქმა უნდა, არც შედეგზე. ახლა ჩვენ გვაქვს სახეზე ის, რომ პასუხისმგებლიანი ხელისუფლება, მიუხედავად ამისა, უკვე მრავალი თვეა, ოპოზიციას სთავაზობს, რომ საგამოძიებო კომისია თავად შექმნან და გადაამოწმონ ეს შედეგები. შევიდა ოპოზიციის დიდი ნაწილი პარლამენტში, მაგრამ როგორც კი მათთვის ხელმისაწვდომი გახდა ეს სამართლებრივი ბერკეტი, მის გამოყენებაზე ამბობენ უარს. ეს არის მათი დესტრუქციული დღის წესრიგის პრიორიტეტი. მთავარი მიმართულებაა, რომ ილაპარაკონ გაყალბებაზე, მაგრამ როდესაც ეუბნები შეამოწმეო და საგამოძიებო კომისია, არ არის ხელწამოსაკრავი ინსტრუმენტი, არ უნდათ. ჩვენ ოპოზიციაში ყოფნის დროს ასეთ ფუფუნებაზე ვერც ვიოცნებებდით, მათ ეს აქვთ, მაგრამ არ იყენებენ იმიტომ, რომ ეშინიათ შედეგის. შედეგი იქნება ის, რომ არჩევნები არ გაყალბებულა. სხვათა შორის, რაკი შევიდნენ პარლამენტში, რა თქმა უნდა, მათ უკვე დაადასტურეს, რომ არჩევნები არ გაყალბებულა და შეიძლება, ამიტომაც არ უნდათ დამატებით რამე ტიპის კვლევის ჩატარება“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები