სუს-ი: საქართველოს ხელისუფლება იყენებს ყველა ბერკეტს, რათა გიგა ოთხოზორიას მკვლელობის ჩამდენი პირები მართლმსაჯულების წინაშე წარდგნენ
“საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება იყენებს მის ხელთ არსებულ ყველა ბერკეტს, მოქმედ საერთაშორისო ფორმატებსა და ინსტრუმენტებს, რათა გიგა ოთხოზორიას მკვლელობის ჩამდენი პირები წარდგნენ მართლმსაჯულების წინაშე”, – ამის შესახებ განცხადებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, გიგა ოთხოზორიას სასტიკმა მკვლელობამ ნათლად წარმოაჩინა საოკუპაციო რეჟიმის არაჰუმანური და დამნაშავეობრივი სახე.
„2016 წლის 19 მაისს საქართველოს მოქალაქე გიგა ოთხოზორიას სასტიკმა მკვლელობამ ნათლად წარმოაჩინა საოკუპაციო რეჟიმის არაჰუმანური და დამნაშავეობრივი სახე. აღნიშნულმა უკიდურესად დააზიანა საოკუპაციო ხაზის გასწვრივ და ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებული უსაფრთხოების გარემო და კიდევ ერთხელ წარმოჩინა ოკუპაციის მძიმე შედეგები.
საქართველოს ცენტრალური ხელისუფლებისა და საერთაშორისო პარტნიორების არაერთი კატეგორიული მოთხოვნის მიუხედავად, გიგა ოთხოზორიას მკვლელობაში მონაწილე პირები, რუსეთის საოკუპაციო ძალების გადაწყვეტილებით, კვლავ არ დასჯილან.
საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება იყენებს მის ხელთ არსებულ ყველა ბერკეტს, მოქმედ საერთაშორისო ფორმატებსა და ინსტრუმენტებს რათა დანაშაულის ჩამდენი პირები წარდგნენ მართლმსაჯულების წინაშე“, – ნათქვამია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებაში.
დღეს გიგა ოთხოზორიას მკვლელობიდან ხუთი წელი გავიდა.
გიგა ოთხოზორია ე.წ. მესაზღვრემ რაშიდ კანჯი ოღლიმ 2016 წლის 19 მაისს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, სოფელ ხურჩაში ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მოკლა. ქართულმა მართლმსაჯულებამ მას დაუსწრებლად 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.