ირაკლი ღარიბაშვილი: მთელი მსოფლიო არის იმ მოტივაციით, რომ დაუბრუნდეს ნორმალურ ცხოვრებას და ჩვენ, ყველა ერთად ვიქნებით მზად, რომ მივიღოთ ტურისტები საქართველოში

“საერთაშორისო ტურისტული გამოფენა არის რეალურად გზავნილი იმისაკენ, რომ მსოფლიო ნელ-ნელა უბრუნდება ნორმალურ ცხოვრებას და ჩვენ მათ შორის, უნდა ვიყოთ მზად იმისთვის, რომ დავიწყოთ აქტიურად ტურისტების მიღება”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ესპანეთში, FITUR-ის გამოფენაზე განაცხადა.

მთავრობის მეთაური მადრიდში, საერთაშორისო ტურისტული გამოფენის ფარგლებში, გაერო-ს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურ მდივან ზურაბ პოლოლიკაშვილსა და აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წევრებთან ერთად, საქართველოს ტურისტულ სტენდს გაეცნო.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, ამ მიმართულებით, გადამწყვეტია ვაქცინაცია, ეპიდემიოლოგიური სიტუაციის მართვა და პასუხისმგებლიანი დამოკიდებულება მოქალაქეებს მხრიდან.

„ჩვენთვის დიდი პატივია, ის, რომ წარმოდგენილები ვართ ესპანეთში, FITUR-ის გამოფენაზე.
მოგეხსენებათ, რომ აქ დაახლოებით 100 ქვეყანა მონაწილეობს. მათ შორის, ჩვენ გვაქვს ღირსეული ადგილი დაკავებული ამ გამოფენაზე. დღეს დილით ჩვენ, ესპანეთის მეფესთან ერთად, გვქონდა შესაძლებლობა, რომ დაგვეთვალიერებინა აღნიშნული გამოფენა, რომელიც დღეს გაიხსნა. ეს არის განაცხადი და ეს არის რეალურად გზავნილი იმისაკენ, რომ მსოფლიო ნელ-ნელა უბრუნდება ნორმალურ ცხოვრებას და ჩვენ მათ შორის, უნდა ვიყოთ მზად იმისთვის, რომ დავიწყოთ აქტიურად ტურისტების მიღება. რა თქმა უნდა, ამაში ძალიან გადამწყვეტია ვაქცინაცია, ეპიდემიოლოგიური სიტუაციის მართვა და კონტროლი და რა თქმა უნდა, პასუხისმგებლიანი დამოკიდებულება ჩვენი მოქალაქეებს მხრიდან. ასე, რომ ჩვენ ვართ ძალიან ოპტიმისტურად განწყობილები, მთელი მსოფლიო არის იმ მოტივაციით, რომ მსოფლიო დაუბრუნდეს ნორმალურ ცხოვრებას და ჩვენ ყველანი ერთად, ვიქნებით მზად, რომ მივიღოთ ტურისტები საქართველოში”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

FITUR 2021-ში საქართველო პარტნიორი ქვეყნის სტატუსით მონაწილეობს.
საქართველოს საპრეზენტაციო სტენდი საშუალებას აძლევს საერთაშორისო ტურ-ოპერატორებს, კომპანიებს, მედიის წარმომადგენლებს, მეტი ინფორმაცია მიიღონ საქართველოს ტურისტული მიმართულების შესახებ. გამოფენის მთავარ ვიდეოეკრანზე ვიზიტორებს შეუძლიათ, თვალი ადევნონ ვიდეორგოლებს საქართველოს შესახებ, გაეცნონ საქართველოს ტურისტულ პროდუქტებს. საქართველოს ტურისტული პოტენციალის ამსახველი ბანერებით არის შეფუთული საერთაშორისო გამოფენის შესასვლელი და დასასვენებელი სივრცეები. საინფორმაციო ბანერები განთავსებულია ყველა საფეხმავლო ბილიკზე. საერთაშორისო გამოფენაში წელს 100-მდე ქვეყანა მონაწილეობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები