ოკუპირებულ აფხაზეთში, “საქართველოსთან “ფლირტის გამო”, ასლან ბჟანიას გადადგომას ითხოვენ
ოკუპირებული აფხაზეთის საზოგადოებრივი ორგანიზაცია “არუაა” ასლან ბჟანიას ე.წ. თანამდებობის დატოვებისკენ მოუწოდებს.
ამის შესახებ ორგანიზაციის ე.წ. უმაღლესი საბჭოს წევრმა, ხინა დუმავამ განაცხადა.
დუმავას თქმით, ბჟანიამ ”საგარეო პოლიტიკაში არასტაბილურობა გამოავლინა, რაც საქართველოში აღიქვეს, როგორც ჩვენი სისუსტე და დამოუკიდებლობის ჩაბარების მზადყოფნა. ჩვენ არ შეგვიძლია, მივცეთ თავს უფლება, რომ ქვეყნის მეთაური მტერს ეფლირტავოს, რომელიც, შურისძიების იმედით, თავის სამხედრო პოტენციალს ზრდის.”
მისივე თქმით, ორგანიზაციისთვის მიუღებელია “საქართველოსთან მოლაპარაკებების გამართვა, რაც აღწერილია ქვეყნის საგარეო პოლიტიკის კონცეფციაში”.
”ამის შესახებ არაერთხელ გვისაუბრია ჩვენს გამოსვლებსა და განცხადებებში. კიდევ ერთხელ გავიმეორებთ, ჩვენ არ დავუშვებთ ქართველი პოლიტიკოსებისა და მტრების ვიზიტს აფხაზეთში და არ გვაქვს უფლება, რაიმე საჩუქრები მივიღოთ საქართველოდან”, – თქვა დუნავამ.
ორგანიზაციის ე.წ.თავმჯდომარე თემურ გულიამ თქვა, რომ ბრიფინგი საზოგადოებაში დაძაბულობის ფონზე ტარდება, რაც ვლადისლავ არძინბას ძმის შვილის, ქემალ არძინბას მკვლელობას უკავშირდება.
“არუაა”-ს წევრმა, ფედორ საქანიამ თქვა, რომ ე.წ. ხელისუფლებამ ორგანიზაციის აზრი უნდა შეისმინოს, რომელიც “სახელმწიფოს საქმიანობის სხვადასხვა საკითხს შეეხება”.
“არავის სჭირდება ძალადობრივი გზით ხელისუფლების შეცვლა, ჩვენც არ გვინდა ეს, მაგრამ არ არის საჭირო ხალხის გადატრიალებამდე მიყვანა. ახალი ხელისუფლება ამბობს, რომ ის წინანდელზე უკეთესია, მაშინ გვაჩვენეთ, რაშია უკეთესი და ნუ დევნით პოლიტიკურ ოპონენტებს, ზეწოლას ნუ ახდენთ, ყოველივე ეს საზოგადოებაში დაძაბულობით დასრულდება”, – თქვა მან.
ბრიფინგის დასასრულ, გულიამ თქვა, რომ “პარლამენტმა პრეზიდენტის იმპიჩმენტის კანონი უნდა დაამტკიცოს, რათა არაკონსტიტუციური გზით ხელისუფლების გადაცემა შეწყდეს”.