ალუდა ღუდუშაური: სააკაშვილი უცხო ქვეყნის მომთაბარე, მოხეტიალე, წარუმატებელი პოლიტიკოსია
“მიხეილ სააკაშვილი საქართველოში არის გაკოტრებული პოლიტიკოსი, მსჯავრდებული, უცხო ქვეყნის მომთაბარე, მოხეტიალე, წარუმატებელი პოლიტიკოსი”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ალუდა ღუდუშაურმა განაცხადა.
მისივე თქმით, ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა უკრაინაში წარმატებას ვერ მიაღწია და ცდილობს, საქართველოში არიოს სიტუაცია.
„ბატონი სააკაშვილი რამდენჯერმე დაპირდა თუ დაემუქრა ხალხს, რომ ჩამოვიდოდა. როგორც ჩანს, მან გააცნობიერა, რომ საქართველოში თუ ჩამოვა, მოუწევს მართლმსაჯულების წინაშე წარდგომა და ემუქრება საპყრობილეში რამდენიმეწლიანი პატიმრობა. როგორც ჩანს, მას გამბედაობა ამჯერადაც არ ყოფნის და ითხოვს ინდულგენციას. ბატონი სააკაშვილი არის მსჯავრდებული არაერთ ეპიზოდზე, ამავდროულად, ის არ არის საქართველოს მოქალაქე. როცა ვსაუბრობთ პოლიტიკურ პროცესებში მონაწილეობაზე, ბატონი სააკაშვილი ჩართულია უკრაინის პოლიტიკურ საქმიანობაში. როცა მან იქ წარმატებას ვერ მიაღწია, ცდილობს, აქ არიოს პროცესები. არ არის საქართველო ის ქვეყანა, რომელიც სააკაშვილს მორიგ ჯერზე შეალახინებს ღირსებას. სააკაშვილი საქართველოში არის გაკოტრებული პოლიტიკოსი, მსჯავრდებული, უცხო ქვეყნის მომთაბარე, მოხეტიალე, წარუმატებელი პოლიტიკოსი. სამარცხვინოა, რომ “ნაციონალური მოძრაობის” დე-იურე ხელმძღვანელები და პარტიის წარმომადგენლები უცხო ქვეყნის მოქალაქესთან, მსჯავრდებულ სააკაშვილთან დადიან და რაღაცებს ეკითხებიან“, – განაცხადა ღუდუშაურმა.