გიგი წერეთელი: კარგია, რომ დმანისში სიტუაცია განიმუხტა, მაგრამ მომხდარმა ფაქტმა, პირველ ყოვლისა, ხელისუფლებას გაკვეთილი უნდა ასწავლოს
“გასაგებია, რომ სიტუაცია განიმუხტა, მაგრამ თუ არ იქნება სწორად წარმართული პოლიტიკა, არ იქნება პრევენციასა და ასეთი გართულებების პროფილაქტიკაზე ორიენტირებული, საფრთხე ყოველთვის იქნება”, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს” წევრმა, გიგი წერეთელმა დმანისში გუშინ განვითარებულ მოვლენებზე საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, კარგია, რომ სიტუაცია განიმუხტა.
“ჩვენ ხელისუფლების წარმომადგენლებისგანაც მოვისმინეთ, რომ დროული ჩარევა არ იყო. აიხსნა, რომ ძალიან რთული ვითარება იყო, სოფელია, ბევრი ხალხი იყო და სწრაფად განმუხტვა ვერ მოხდა. პირველი ჩხუბის ეპიზოდი, რაც საზოგადოებამ ნახა, მგონი, საკმაოდ დიდხანს მიმდინარეობდა, ყოველგვარი გაშველებისა და ჩარევის გარეშე. გასაგებია, რომ სიტუაცია განიმუხტა, მაგრამ თუ არ იქნება სწორად წარმართული პოლიტიკა, არ იქნება პრევენციასა და ასეთი გართულებების პროფილაქტიკაზე ორიენტირებული, საფრთხე ყოველთვის იქნება. კარგია, რომ ეს ვითარება განიმუხტა, მაგრამ ამან, პირველ ყოვლისა, ხელისუფლებას გაკვეთილი უნდა ასწავლოს”, – განაცხადა წერეთელმა.
შეგახსენებთ, რომ დმანისში ორდღიან კონფლიქტში დაპირისპირებული მხარეები შერიგდნენ.