რას წერს ისრაელში მყოფი ქართველი სამხედრო ქალის დედა სისხლიან ომზე
“დანაშაულად მედება ის, რომ ვარ ძლიერი! დიახ, ვარ ძლიერი სახელმწიფო, ძვირი დამიჯდა ეს სიძლიერე, მივიღე დევნის, დაცინვის, სიკვდილის ფასად! ხოდა, არ დავთმობ”, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში ისრაელში მცხოვრები ქართველი ებრაელი, ანა კოლი წერს.
ის პოსტით პალესტინასა და ისრაელს შორის შეიარაღებულ დაპირისპირებასა და საზოგადოების იმ ნაწილის აზრს ეხმაურება, რომლებიც პალესტინის სარაკეტო იერიშს საკუთარი მიწისთვის ბრძოლად აფასებენ.
როგორც ანა კოლი წერს, მისი ერთადერთი ქალიშვილი ისრაელის სამხედროა.
“როდესაც პალესტინელები საკუთარ შვილებს შეიყვარებენ იმაზე მეტად – ვიდრე მათ სძულთ ებრაელები, ომიც დამთავრება” – ეს სიტყვები ქალბატონ გოლდა მეირს ეკუთვნის.
ან კიდევ: “თუ არაბი იარაღს გვერდზე გადადებს – აღარ იქნება ომები, თუ ისრაელი გადადებს იარაღს გვერდზე – აღარ იქნება ისრაელის სახელმწიფო! ”
ან კიდევ: “მოვა დრო და ვაპატიებთ არაბებს, რომ მოგვიკლეს შვილები, მაგრამ გაგვიჭირდება, ვაპატიოთ ის, რომ გაგვხადეს მათი შვილების მკვლელები!”
“და ახლა, როცა ყველამ იცით, რას გვიკეთებენ, არ გაქვთ უფლება ჩვენი განსჯის”!
თარგმანი ჩემეულია…
ხოდა, ჩემო ძვირფასებო (უმცირესობას მივმართავ, რა თქმა უნდა), ვუყურებ თქვენს კომენტარებს სოციალურ ქსელში, ვუყურებ და მეღიმება, ისევ გოლდას “დავესესხები” –
“იყო მაძღარი, არაა დანაშაული!” –
მეღიმება იმიტომ, რომ ვხედავ, ვხედავ – დანაშაულად მედება ის, რომ ვარ ძლიერი! დიახ, ვარ ძლიერი სახელმწიფო, ძვირი დამიჯდა ეს სიძლიერე, მივიღე დევნის, დაცინვის, სიკვდილის ფასად! ხოდა, არ დავთმობ!
მივიღე მშობლიური მიწიდან განდევნის ფასად, ჰოლოკოსტის ფასად, ისრაელის მიწაზე პირტიტველა დაღუპული ბიჭების ფასად, ქალობის შეუცნობელად დაღუპულ გოგონების ფასად, სარდაფებში განგაშის შემზარავი ხმისა და აფეთქებული ბომბების ქვეშ გატარებული დღე-ღამის ფასად!
ხოდა, არ დავთმობ!
შევიცოდო?
ტერორისტი?
– არ მეცოდება!
მათი შვილი? – მეცოდება? მაგრამ რა ვქნა, თუ მათ არ უყვართ საკუთარი შვილები, მათ სიძულვილს ვერ გადავაყოლებ საკუთარ შვილებს!
ერთხელ, ცხონებულ დოქტორ დავიდ შემშელაშვილს -(დავიდ ბენ უოსეფ) ვუთხარი საკუთარ მოწაფეზე:
ბატონო დათო, შეიცოდეთ, შეიბრალეთ!
მომიბრუნდა და:
ვინ შევიცოდო?
მე მას ვეცოდები, მე რომ შევიცოდო? მისი შეცოდებით მე სასაცილო და საცოდავი გავხდები, ეგ კი ვერასდროს ვერ გაიგებს, რაოდენ საცოდავია!
ხოდა, არ შევიცოდებ! არ გავიხდი თავს საცოდავს!
ომია, ომში კი ცოდო და საბრალო აღარ არსებობს, ესაა ომის წესები!
ომია, მაგრამ ისრაელის ომის წესი ასეთია:
არ წყდება სამუშაოები, სამსახურებში ჩვეულებრივად დავდივართ, კი, ბომბების წვიმის ქვეშ, შევრბივართ თავშესაფარში, გამოვდივართ და ვაგრძელებთ, ქუჩაში ვყრით განგაშის ხმაზე მანქანებს, ბავშვები მიდიან სკოლებში (მოსაზღვრე ქალაქებში – არა), ღიაა კაფეები, სავაჭრო ცენტრები…
არ მძინავს ღამე, მაგრამ სამსახურში მივდივარ, სიცოცხლისა და ცხოვრების მაჯისცემა არ წყდება!
ესაა ისრაელი!
ჩემი დედისერთა, როგორც დედისერთა – პრივილეგირებული სამხედროა, ღამე სახლშია, საწოლში შემომიძვრა ეს ღამეები, მაგრამ დილით დგება და სამხედრო ნაწილში მიდის!
ხოდა, ამ სიძლიერის გამო განკიცხული ვარ და მოძალადე? აგრესორი? მხოლოდ იმიტომ, რომ აგრესიისა და აგრესორის მსხვერპლი არ ვარ? ხოდა, გასკდით გულზე! ვარ და ვიქნები ძლიერი!
თქვენც იმავეს მოგიწოდებთ!
4500-ზე მეტი მეგობარი მყავს მხოლოდ აქ!
მადლობა!
ზოგიერთის არსებობა აღარც მახსოვდა!
ვეღარც გპასუხობთ!
“მესენჯერი” გადაივსო, “ვაცაპი” გადაივსო, “ვაიბერი”, სიგნალი, ტელეგრამი და რა ვიცი, ყველგან ვიღებ უდიდეს სიყვარულსა და მოკითხვას.
რა საყვარლები ხართ.
მინდა, იცოდეთ, რომ კარგად და მაგრად ვარ, ცოტა გადაღლილი, მაგრამ კარგად და მაგრად!
პ.ს.
ჩვენს განსჯას კი, იქნებ და, რამე გესწავლათ ამ პატარა ქვეყნის მაგალითზე, ამ ხალხის მაგალითზე.
არ მიხსენოთ, მაგარი მთავრობა გყავთო!
უვარგისი მთავრობა გვყავს და, ფაქტობრივად, წლებია, არ გვყავს მთავრობა, მაგრამ სახელმწიფო გვაქვს მაგარი და ძლიერი, სახელმწიფო კი ხალხია! ხალხი!!!
ვფიქრობ, ახლა ვისი ფოტო დავდო აქ, ჩემი თუ გოლდასი (რა მოკრძალებული ვარ!), მაგრᲐმ არცერთი და არც მეორე, მომავლის, ამ სახელმწიფოს ძლიერი მომავლის ფოტოს ვდებ! გამარჯვების სიმბოლო! ჩვენი *ჩემი შვილებია ჩვენი Მომავალი!
შერი და გოლდა!
ამ გოგოსნაირები, როცა საჭიროა, ავტომატებით დარბიან!”, – წერს ისრაელში მცხოვრები ქართველი ებრაელი.