მანდატურის სამსახურის უფროსი „სინოფარმით“ აიცრა
საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის უფროსი, გელა გელაძე კორონავირუსის საწინააღმდეგო „სინოფარმის“ ვაქცინით აიცრა, – ამასთან დაკავშირებით ინფორმაციას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ავრცელებს.
„ვაქცინაცია სწორი არჩევანია, რათა დავიცვათ საკუთარი თავი, ჩვენი ახლობლები და ჩვენ გარშემო მყოფი ადამიანები COVID-19-სგან. ვაქცინაციითა და პრევენციული ღონისძიებებით – ნიღბის ტარებით, საჭირო დისტანციის დაცვით შევძლებთ პანდემიის დამარცხებას და დავუბრუნდებით ცხოვრების ჩვეულ რიტმს,“ – აღნიშნა მანდატურის სამსახურის უფროსმა.
შეგახსენებთ, რომ ქვეყნის მასშტაბით ვაქცინაციის პროცესში აქტიურად არიან ჩართული როგორც მასწავლებლები, ასევე, განათლების სისტემის სხვა წარმომადგენლები.