შალვა პაპუაშვილი: ნამეტანი დიდი წარმოდგენა უნდა ჰქონდეს ადამიანს საკუთარ თავზე, რომ ფიქრობდეს, ამნისტია მხოლოდ მის გამოა
“ნამეტანი დიდი წარმოდგენა უნდა ჰქონდეს ადამიანს საკუთარ თავზე, რომ ფიქრობდეს, მხოლოდ მის გამოა ამნისტია, რომელიც უნდა იქნას მიღებული”, – ასე ეხმაურება საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, შალვა პაპუაშვილი „ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის, ნიკა მელიას განცხადებას, რომ ამნისტია მისთვის მიუღებელია.
მისივე თქმით, ამნისტიის მთავარი იდეაა, რომ 20 ივნისთან დაკავშირებით სხვადასხვა შეფასება აღარ იყოს და ფურცელი გადაიშალოს.
„რამდენჯერმე ითქვა, არა მხოლოდ ჩვენი მხრიდან, არამედ ევროპელი და ამერიკელი კოლეგების მხრიდანაც, რომ ამნისტიის მთავარი იდეა არის, 20 ივნისთან დაკავშირებით არსებული სხვადასხვა შეფასება საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფში დაიხუროს. გავიხედოთ წინ და ეს არ იყოს განხეთქილების მიზეზი, როცა საუბარი გვაქვს 20 ივნისზე და საუბარი გვაქვს დეპოლარიზაციაზე. ამიტომ, ეს ამნისტია მნიშვნელოვანია სწორედ იმიტომ, რომ საზოგადოებაში იყოს თანხმობა, რათა ეს ფურცელი გადაიშალოს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.