ალექსანდრე მოწერელია: მინდა, მოვუწოდო „ქართულ ოცნებას“ – ნუ დაემსგავსება მის წინამორბედს და შეწყვიტოს პოლიტიკური რეპრესიები
“მინდა, მოვუწოდო „ქართულ ოცნებას“ – ნუ დაემსგავსება მის წინამორბედს და შეწყვიტოს პოლიტიკური რეპრესიები”, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, გიორგი გახარიას გუნდის წევრმა, ალექსანდრე მოწერელიამ განაცხადა.
მისი თქმით, თანამდებობებიდან გათავისუფლებული საჯარო მოხელეები კეთილსინდისიერად ასრულებდნენ დაკისრებულ მოვალეობებს.
„მოვლენები დაიწყო შიდა ქართლში, გაგრძელდა სამეგრელოში და შეეხო არა მხოლოდ თანამდებობის პირებს, არამედ – ფოთში მელიორაციის სამსახურის 72 წლის დამსახურებულ მუშაკს, რომელიც აიძულეს, წასულიყო სამსახურიდან. თან, ეს ყველაფერი ხორციელდება პარტია „ქართული ოცნებისა“ და ცენტრალური ხელისუფლების ზეწოლით მუნიციპალიტეტის არჩეულ მერებზე. ეს გზა არის ის რადიკალური დღის წესრიგი, რაზეც ჩვენ ვსაუბრობდით. „ქართული ოცნება“ ემსგავსება „ნაციონალურ მოძრაობას“ ამ გადაწყვეტილებებით და ეს სიკეთეს ვერ მოუტანს მათ. ქართველმა ერმა რეპრესიებს, დევნას ერთხელ და სამუდამოდ უარი განუცხადა. მინდა, მოვუწოდო „ქართულ ოცნებას“ – ნუ დაემსგავსება მის წინამორბედს და შეწყვიტოს პოლიტიკური რეპრესიები. ეს გზა ნამდვილად ვერ მიგვიყვანს ევროკავშირში.
ეს საჯარო მოხელეები კეთილსინდისიერად ასრულებდნენ დაკისრებულ მოვალეობებს, იყვნენ ჩვენი თანამოაზრეები და თანამოაზრეობის გამო ადამიანების სამსახურიდან იძულებით გაშვება დაუშვებელია. თუ ვინმემ რამე პროკლამაციები უპოვა ამ ადამიანებს, შეუძლიათ წარმოადგინონ. როგორც ჩანს, „ქართული ოცნება“ აგონიაშია, ძალიან ეშინია ახალი პოლიტიკური პარტიის ჩამოყალიბების და შესაბამისად, დაიწყო პოლიტიკური ნიშნით დევნა“, – განაცხადა მოწერელიამ.
დღეს გიორგი გახარიას გუნდის წევრმა, ზურა როსებაშვილმა ხაშურის მერის მოადგილის თანამდებობა დატოვა. თანამდებობები დატოვეს გორის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილეებმა – ერასტი ელიჯარაშვილმა და პაატა ივანიშვილმაც, ფოთის მერის მოადგილეებმა – პაატა ლაგვილავამ და კონსტანტინე თოფურიამ; მარტვილის მერის მოადგილე აკაკი ხუნწელიამ და სენაკის მერის მოადგილე კახაბერ კუპრეიშვილმა.