გიორგი ღიბრაძე: 13 მაისიდან მუშაობას ჩვეულ რეჟიმში განაახლებს ყველა დაწესებულება და ნებადართული იქნება მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 13 მაისიდან, ხუთშაბათიდან მუშაობას ჩვეულ რეჟიმში განაახლებს ყველა დაწესებულება, ასევე, ნებადართული იქნება მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა, – ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

“როგორც მოგეხსენებათ, ქვეყანაში 12 მაისის ჩათვლით უქმე დღეებია, შესაბამისად, შეზღუდულია მუნიციპალური ტრანსპორტისა და სასწავლო და სააღმზრდელო დაწესებულებების ფუნქციონირება. საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 13 მაისიდან, ხუთშაბათიდან აღნიშნული შეზღუდვები მოიხსნება. ამ ეტაპზე, ძალაში რჩება ღამის საათებში 21:00-05:00 საათამდე გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა. საბჭო მუდმივ რეჟიმში აკვირდება არსებულ ტენდენციებს და, როგორც კი ეპიდემიოლოგიური ვითარება საშუალებას მოგვცემს, განხილული იქნება არსებული რეგულაციების შემსუბუქების შესაძლებლობა. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო მოქალაქეებს კიდევ ერთხელ მოუწოდებს, გამოიყენონ პირბადე და დაიცვან სოციალური დისტანცია, რათა თითოეულმა ჩვენთაგანმა მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი ვირუსის გავრცელების პრევენციას და ცხოვრების ჩვეულ რეჟიმში რაც შეიძლება მალე დაბრუნებას”, – განაცხადა გიორგი ღიბრაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები