გიორგი კონდახიშვილი: იურისტთა წრეში ნიკა მელიას საქმემ უკვე, ფაქტობრივად, შეიძინა სამართლებრივი „ნოუ-ჰაუს“ მაგალითი, ყველა ნაბიჯზე ხდება რაღაც სამართლებრივი პრეცედენტი

“იურისტთა წრეში ნიკა მელიას საქმემ უკვე, ფაქტობრივად, შეიძინა სამართლებრივი „ნოუ-ჰაუს“ მაგალითი, ყველა ნაბიჯზე ხდება რაღაც სამართლებრივი პრეცედენტი”, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას ადვოკატმა,  გიორგი კონდახიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ნიკა მელია დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან.

„მას შემდეგ, რაც სასამართლომ გამოაცხადა გადაწყვეტილება, ნიკა მელია დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან. ეს არის ალბათ წუთების ამბავი. ჰოი, საოცრებავ, დამოუკიდებელმა მართლმსაჯულებამ მიიღო გადაწყვეტილება, მოსამართლის გადაწყვეტილება ერთმნიშვნელოვნად დაემთხვა პროკურატურის შუამდგომლობასა და იმ თანხას, რომელიც ევროკავშირმა გადმორიცხა ნიკა მელიას ტყვეობიდან დასახსნელად. ეს იყო იმის კლასიკური მაგალითი, როგორი დამოუკიდებელი მართლმსაჯულება გვყავს საქართველოში.

იურისტთა წრეში ამ საქმემ უკვე, ფაქტობრივად, შეიძინა სამართლებრივი „ნოუ-ჰაუს“ მაგალითი, ყველა ნაბიჯზე ხდება რაღაც სამართლებრივი პრეცედენტი. მსოფლიოში პირველად, პოლიტიკური ლიდერის გამოსასყიდი გადაიხადა ევროკავშირმა და სასამართლომ წინმსწრებად დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა. თანხაშიც კი არ მიუციათ განსხვავება, ეს არის იმის მაგალითი, რომ ეს არის პოლიტიკური პროცესი. რა პოლიტიკურ გადაწყვეტილებასაც იღებენ ხელისუფლებაში, სწორედ ისე ვითარდება მოვლენები“, – აღნიშნა გიორგი კონდახიშვილმა.

სასამართლომ ნიკა მელია პატიმრობიდან გაათავისუფლა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები