“მთელს ჩემს ოჯახს იცნობ, რამ დაგაწერინა ეს სისულელე?” – ანდრია ჯაღმაიძე: ლადო ნარსიას
“მადლობა ჩემს დიდი ხნის მეგობარს, ლადო ნარსიას, რომლისთვისაც ბოლო ორი წელია, რუსეთის აგენტად ვიქეცი, მანამდე პრობლემა არ ჰქონდა ჩემთან ურთიერთობაში”, – ასე ეხმაურება საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე თეოლოგ ლადო ნარსიას ფეისბუქპოსტს.
ჯაღმაიძის თქმით, ნარსიას თეოლოგიური ანალიზის ფასი ნულია.
“მადლობა ჩემს დიდი ხნის მეგობარს, ლადო ნარსიას, რომლისთვისაც ბოლო ორი წელია, რუსეთის აგენტად ვიქეცი, მანამდე პრობლემა არ ჰქონდა ჩემთან ურთიერთობაში. ახლა დაუფარავად განაცხადა ეს.
შეკითხვა მაქვს ლადოსთან, როცა ვმეგობრობდით, მაშინაც ვიყავი რუსეთის აგენტი, თუ მას მერე ვიქეცი აგენტად, რაც რიგ საკითხებში ვერ შევთანხმდით?
მეგონა, პირად შეურაცხყოფასა და ცილისწამებაზე გადასვლის სიმდაბლე გესმოდა. ცილისწამება რაღა არის შენთვის, როგორც ქრისტიანისა და თეოლოგისათვის?
მთელს ჩემს ოჯახს იცნობ, რამ დაგაწერინა ეს სისულელე?
არ მეგონა, რომ ასეთ დაბალ შეფასებას მივცემდი როდისმე შენს საქციელს. ნოლია დღეიდან შენი თეოლოგიური ანალიზების ფასი.
ჩემს შეურაცხყოფას არ ვჩივი, საკუთარი სინდისის წინააღმდეგ რომ წასულხარ, ეგ მაჯავრებს, ვინ დაგიფასებს ასეთ უსინდისობას, არც კი ვიცი”, – წერს ჯაღმაიძე.
ცნობისთვის, მანამდე თეოლოგმა ლადო ნარსიამ სოციალურ ქსელში დაწერა: “ლევან ვასაძე, ტახტამცველი შიო მუჯირი, კარის ეპისკოპოსი ნიკოლოზ ფაჩუაშვილი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე და შარდ ტივის (ალტ. ტივი) ტანდემი არის რუსეთის ბოლო აკორდი “ქართული ოცნების” ოპერიდან”.