პროკურატურამ საადვოკატო საქმიანობასთან დაკავშირებით განხორციელებული მუქარისა და ფიზიკური ძალადობის ფაქტზე გ.ბ.-ს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ, ადვოკატის მიმართ საადვოკატო საქმიანობასთან დაკავშირებით განხორციელებული მუქარისა და ფიზიკური ძალადობის ფაქტზე გ.ბ.-ს ბრალდება წარუდგინა, – ამასთან დაკავშირებით ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

მათივე ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2021 წლის 27 აპრილს, თბილისში, გ.ბ.-მ, ადვოკატის, გ.ფ.-ს მიმართ, რომელიც სასამართლო დავაში მის მოწინააღმდეგე მხარეს იცავდა, დაცვის განხორციელებასა და სასამართლოში საქმის განხილვასთან დაკავშირებით, მუქარა და ფიზიკური ძალადობა განახორციელა. სამართალდამცველებმა გ.ბ. იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 365-ე მუხლის მე-3 ნაწილით (ადვოკატის მიმართ ჯანმრთელობის დაზიანებისა და ქონების დაზიანების მუქარა, დაცვის განხორციელებასა და სასამართლოში საქმის განხილვასთან დაკავშირებით, ჩადენილი ძალადობით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად ორიდან ხუთ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურამ სასამართლოს ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით მიმართა, თუმცა სასამართლომ გ.ბ.-ს გირაო 6 000 ლარი პატიმრობის უზრუნველყოფით შეუფარდა, რაც პროკურატურამ სააპელაციო წესით გაასაჩივრა. საქართველოს პროკურატურა პროფესიულ საქმიანობასთან დაკავშირებულ დანაშაულებრივ ფაქტებზე მკაცრ სისხლის სამართლის პოლიტიკას ახორციელებს, რასაც მომავალში გააგრძელებს. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები