მიხეილ სარჯველაძე: ნიკა მელია იქნება თუ ნებისმიერი სხვა ბრალდებული, უფლება აქვს, გაჰყვეს იმ გზას, რასაც ამნისტირება ჰქვია, ან განაგრძოს დავა და მიიღოს გამართლება
“ნიკა მელია იქნება თუ ნებისმიერი სხვა ბრალდებული, უფლება აქვს, აირჩიოს ან გაჰყვეს იმ გზას, რასაც ამნისტირება ჰქვია, ან განაგრძოს დავა და მიიღოს გამართლება, ამ თავისუფლებას ვერავინ შეუზღუდავს”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მიხეილ სარჯველაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“ განაცხადა.
მისი თქმით, ამნისტია, განსხვავებით შეწყალებისგან, არის შეწყალების აქტი, რომელიც უნდა იყოს აუცილებლად არაპერსონიფიცირებული.
„ჩანაწერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ უფლება აქვს პირს, ამ შემთხვევაში, ნიკა მელიას იქნება თუ ნებისმიერ სხვა განსასჯელს თუ ბრალდებულს, აირჩიოს, ან გაყვეს იმ გზას, რასაც ამნისტირება ჰქვია, რომელიც არ ნიშნავს არც გამართლებას და არც გამტყუნებას, მაგრამ ვინმეს შეიძლება, ჰქონდეს ინტერესი, რომ განაგრძოს დავა და მიიღოს გამართლება და ამ თავისუფლებას ვერავინ შეუზღუდავს, არავის არასდროს შეუზღუდავს ეს. თავდაპირველად, ადრე, სისხლის სამართლის კოდექსში ამაზე კონკრეტული ჩანაწერიც არსებობდა.
კანონში ეწერა, რომ თუ წინააღმდეგი ხარ, მხოლოდ ეს თქვი, ამაზეა საუბარი. პირიქით რომ გაკეთებულიყო და ჩვენ გვეთქვა, თანახმა არის თუ არ არის თანახმა, მაინც ვრცელდება ამნისტია, აი, მერე გეკითხათ, როგორ ირღვევა უფლება, იტყოდა: მე მინდა, რომ გავმართლდე და რა უფლებით მართმევთ ამ შესაძლებლობასო და ამას იტყოდა საფუძვლიანად და სამართლიანად. ასე არ შეიძლება, რომ ცალმხრივად გააშუქოს ოპოზიციამ, რისი მცდელობაც აქვს, რომ საითაც უნდა წახვიდე, გაკრიტიკოს.
ნახეთ, რა წერია სისხლის სამართლის კოდექსში, რომ ამნისტია, განსხვავებით შეწყალებისგან, არის შეწყალების აქტი, რომელიც უნდა იყოს აუცილებლად არაპერსონიფიცირებული. ამიტომ, რა წამს ეს კონკრეტდება და ფოტოსურათებამდე დადის საქმე, ის არის უკანონო ამნისტია, ეს არ ვარგა,” – განაცხადა სარჯველაძემ.